„მოვაჭრის მიერ ფასი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამჭვირვალედ, არაორაზროვნად და გასაგებად“- ოლიკო კობახიძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა- ოლიკო მ „კომერსანტის დილასთან“ სააგენტოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოსა და მომსახურებაზე ფასების აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ბოლო ორ წელიწადში, მომხმარებლების მიმართვიანობის 1300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დადებითი სტატისტიკაა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მომხმარებელთა აქტიურობა ყოველდღიურად მზარდია.
„ორი წელია, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კანონის აღსრულება დაიწყო და ამ წლების მანძილზე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დაგვიგროვდა.
მომართვიანობის თვალსაზრისით სტატისტიკა ზრდადია; 1300-მდე მომხმარებელმა უკვე მომართა ჩვენს სააგენტოს, საქმის წარმოების პროცესში 220-მდე შემთხვევაში მოვაჭრეებთან გაფორმდა პირობითი ვალდებულების შესახებ შეთანხმება. 126 შემთხვევაში დადასტურდა დარღვევა, ხოლო 55 შემთხვევაში მოვაჭრე დაჯარიმდა. როგორც მოგეხსენებათ, სანქციები საკმაოდ მაღალია, კანონით ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. საჩივრების 65% კი ონლაინ, დისტანციურ ვაჭრობაზე მოდის“,- აღნიშნა ოლიკო კობახიძემ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოვაჭრეების მხრიდან ფასების დამალვა ან სოციალურ ქსელში ნივთის შეძენის შეთავაზების შემთხვევაში, ფასის „პირადში მიწერის“ დამკვიდრებული პრაქტიკა კანონდარღვევაა.
„ამანათების დაგვიანების და დაკარგვის კუთხით განცხადებები მრავლად შემოდის. სააგენტო იკვლევს ამ საკითხებს და რიგ შემთხვევაში პირობითი ვალდებულების აღების შესახებ ხელშეკრულება ფორმდება, რომლის ფარგლებშიც მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებლებს აღუდგინოს სავარაუდოდ დარღვეული უფლება.
როგორც მოგეხსენებათ კანონი ითვალისწინებს შესაძლებლობას მოვაჭრემ აიღოს პირობითი ვალდებულება. კერძოდ, მას შეუძლია მზადყოფნა გამოთქვას, რომ ითანამშრომლებს სააგენტოსთან და თავის სავაჭრო პოლიტიკას შეუსაბამებს კანონმდებლობას და თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შეიმუშავა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების აღნიშვნის სახელმძღვანელო, აღნიშნული დოკუმენტი პრაქტიკული ღირებულების მატარებელია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიცავს რეკომენდაციებს და პრაქტიკულ მაგალითებს, თუ როგორ უნდა მიეთითოს საქონელსა თუ მომსახურებაზე ფასი.
მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ გასაყიდი ფასის მითითება და საჭიროების შემთხვევაში, ერთეულის ფასის მითითება აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს ცალსახა, ადვილად იდენტიფიცირებადი, კონკრეტულ საქონელთან მიმართებით; მკაფიო და მარტივად წაკითხვადი საშუალო მომხმარებლისათვის “,- აღნიშნა ოლიკო კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიმუშავებთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე – რუსეთის საგარეო უწყება