მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მკვლევარ გოგა თუშურაშვილს 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
პროტესტის შესაზღუდად კიდევ უფრო გამკაცრებული რეპრესიული კანონის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, უკვე კვირაზე მეტია, დემონსტრანტებს აქციაზე გადაკეტილი გზისა თუ პირბადის გამო, 15 დღემდე ვადით პატიმრობაში უშვებენ.
რა თქვა სასამართლოში გოგა თუშურაშვილმა:
„პირველ რიგში, მე ტროტუარზე საერთოდ არ ვყოფილვარ. როცა მივედი რუსთაველზე, გზა უკვე იკეტებოდა, მაშინვე შევუერთდი. არც გამიხედავს ტროტუარისკენ, რომ შემეფასებინა, საკმარისი ხალხი იყო თუ არა. კანონი, რითაც მე დღეს მასამართლებთ, არაკონსტიტუციურია. გუშინაც, დღესაც და ხვალაც, სრული უფლება მაქვს, რომ გადავკეტო რუსთაველის გამზირი. ესაა ჩემი პოზიცია.
გავიხსენებ, საიდან მაქვს ჯარიმები. ჯერ კიდევ დეკემბერში (2024) დამაჯარიმეს 500 ლარით. მაშინ ძალიან ვღელავდი. მცნეს სამართალდამრღვევად. თებერვალში (2025) 5000 ლარით დამაჯარიმეს. მაშინ ნაკლებად ვღელავდი, სასამართლოში სამართალს უკვე აღარ ვეძებდი. დღეს მე საერთოდ აღარ ვღელავ და მნიშვნელობა არ აქვს რამდენდღიან პატიმრობას შემიფარდებთ. ციხეში რამდენ დღესაც გავატარებ, ყოველი დღით ვიქნები დარწმუნებული, რომ ერთი დღით ნაკლებია დარჩენილი გამარჯვებამდე.“
გოგა თუშურაშვილი IDFI-ს კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელია. მას 29 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. თუშურაშვილი წუხელვე, თავისუფლების მეტროს მიმდებარედ დააკავეს. ის მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა. მის გამოხმაურებებს მიმდინარე მოვლენებზე ყოველთვის ახლავს ფრაზა, — „გამარჯვებამდე დარჩა ერთი დღით ნაკლები.“
„გავიდა, ჯაჭვში ჩადგა, ქუდი მოიხადა და თავი გამართა, რომ კარგად დაენახათ. ბოლომდე იდგა, რომ გადმოვიდა, უსიტყვოდ ვანიშნე: რატომ ქენი-მეთქი? – ასევე უსიტყვოდ მხრებით მიპასუხა: აბა, რა მექნაო?!“, — იხსენებს გასული ღამის აქციაზე გიორგი თუშურაშვილის ქმედებას მოქალაქე დავით ჩხეიძე.
ბოლო დღეების განმავლობაში ათეულობით ადამიანი დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს “გზის გადაკეტვისა” და აქციაზე პირბადის ტარების საბაბით. ახალი კანონებითა და პრაქტიკით შსს ცდილობს დაუპირისპირდეს რუსთაველის პროტესტს, რომელიც თითქმის ერთი წელია უწყვეტად კეტავს გამზირს საღამოს საათებში. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებას, ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.




