მიხეილ სარჯველაძე – რუსეთთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივები უპასუხისმგებლოა და მიახლოებულია ფაშისტურ გამოხტომებთან – არავითარი მიზეზი საზოგადოებაში ფობიების დათესვისთვის არ არსებობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რუსეთთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ ინიციატივებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი შეთავაზებები მიახლოებულია ფაშისტურ გამოხტომებთან.
სარჯველაძის შეფასებით, „ლელოს“ ინიციატივები არის არამხოლოდ კრიტიკულად მიუღებელი, არამედ არის პოპულიზმის შემცველი და სახიფათო.
„ლელოს“ ინიციატივები, ერთი მხრივ, არის მცდელობა იმისა, რომ პოპულისტურ ტალღაზე ხელოვნურად შექმნილი ფობიები გამოიყენონ, რაც ახლოს არის მათ შორის ფაშისტურ გამოხტომებთან. სურთ, ეს ყველაფერი სათავისოდ, პოლიტიკური ქულების გენერირებისთვის გამოიყენონ. ეს წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან უპასუხისმგებლოა იმ თვალსაზრისით თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის მსგავსი ინიციატივების დაძვრას. ყველა, მათ შორის ევროპელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რომ ეს არის საქართველოს სახიფათო თამაშებში ჩართვის მცდელობა, რასაც ვიღაც გააზრებულად, ვიღაც კი გაუაზრებლად აკეთებს. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, გმართებს იყო ზედმიწევნით პასუხისმგებლობით აღვსილი საიმისოდ, რომ საქართველოს სერიოზული რისკის მატარებელი საფრთხეები არ შეუქმნა. თუკი ფაქტობრივ მოცემულობას დავაკვირდებით, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ არავითარი მიზეზი საზოგადოებაში რაღაც ფობიების დათესვისთვის ობიექტურად არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რუსეთთან მიმართებით „ლელოს“ მიერ წარდგენილი გეგმა შემდეგი ნაბიჯებს გულისხმობს: – რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა; რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება; რუსეთთან ფრენების აკრძალვა; რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა; რუსული ფონდების აკრძალვა და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ