“ადამიანურობისგან დაცლილმა ორიოდე არსებამ ჩემი ციხეში გადაყვანა მოითხოვა, ამ “—–” მინდა ვუთხრა, ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ | მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას პარტიის წევრების განცხადებას პასუხობს, რომლებმაც მისი ციხეში გადაყვანა მოითხოვეს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მათ სურთ წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
მისივე განცხადებით, სიმპტომების 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ კარგად იცის.
იხილეთ განცხადება:
გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი “სასამართლო” სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს. ამ “—–” (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა. ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია. მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება) შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება, ან თუ მოვკვდები მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ. რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის. თქვენ თვითონ განსაჯეთ რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე და ჩემს FB-ზე წერას, სჯობს პირდაპირ მათ გვერდებზე გამოხატოთ თქვენი აზრი. P.S. დიდი მადლობა ნიკა გვარამიას და საერთოდ ყველა ადამიანს, ვინც საჯაროდ გამოხატა ადამიანური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.