მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ქრისტოფ ჰოისგენმა, ღაზის სექტორში ადამიანების ტანჯვის გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობას პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა.
22 აგვისტოს RND მედია ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულსტატიაში ჰოისგენი აცხადებს, რომ გერმანიის, როგორც ისრაელის ერთგული მეგობრის რეპუტაციის გათვალისწინებით, ასეთი ნაბიჯი მსოფლიო მასშტაბით „განსაკუთრებით ძლიერ ჟესტად“ იქნება აღქმული.
გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის დიდი ხნის მრჩეველი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღიარება მოკლევადიან პერსპექტივაში ადგილზე არსებულ სიტუაციას არ შეცვლის, ეს იქნება პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ძლიერ სიგნალი, თუ გერმანია შეუერთდება იმ სახელმწიფოების უმრავლესობას, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, კანადამ და ავსტრალიამ, სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმები გამოაცხადეს.
ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლება პალესტინელთა სახელმწფოს შექმნის იდეას არ იზიარებს და კრიტიკულია ყველას მიმართ, ვინც მას ემხრობა.
თუმცა, გერმანიის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამას ის არ აპირებს. ივლისის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა, რომ აღიარება კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნით მოგვარების გზაზე „ერთ-ერთ საბოლოო ნაბიჯად“ აღიქმებოდა. ამგვარი გზა ისრაელის გვერდით პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს.
AFP-ის მონაცემებით, გაეროს 193 წევრიდან სულ მცირე 145-მა უკვე აღიარა ან გეგმავს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას.