ქართული დელეგაცია ბუდაპეშტში ვიზიტს განაგრძობს. უმრავლესობის წევრები, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უნგრეთის პარლამენტში, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ.
მოლაპარაკება ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მთავარი თემები ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. დღის განმავლობაში, გაგრძელდება შეხვედრები უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდება. სწორედ ზოლტ სემიენის მიწვევით იმყოფებიან საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვეყანაში.
“დღეს, უნგრეთში ვიზიტს პარლამენტში შეხვედრებით ვაგრძელებთ. უკვე შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სადაც ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის თემა. მივიღეთ ძალიან მყარი პირობა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 14-15 დეკემბერს, დადებითი პასუხი იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უნგრეთი თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის თვის არის დამატებითი ღირებულება და გააგრძელებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერას.
“უნგრეთის პარლამენტის მხრიდან, პირველი გზავნილი არის ის, რომ უნგრეთი რჩება და იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი თვლის, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის დამატებითი ღირებულება და გააგრძელებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერას. რა თმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზეც პარლამენტებს შორის, რაც მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესისთვის და ასევე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების კუთხით”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.