მივემგზავრებით სტრასბურგში, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე. ვფიქრობ, იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით სტრასბურგში გაგზავნა
მივემგზავრებით სტრასბურგში, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე. ვფიქრობ, იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით სტრასბურგში გაგზავნა, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატებში დაგეგმილ მონაწილეობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციას სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფსაც შეხვდება.
„მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები. ჩვენ ახლაც, დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია და რა თქმა უნდა, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით. ვფიქრობ, იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იყოს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის ლეგიტიმურად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი.
ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს, ასევე სტრასბურგში ვიზიტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უარი აქვთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა.
ჩვენ გვახსოვს, ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის მოპოვების დროს, როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა. ასევე, ისინი ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, ასოცირების შეთანხმება არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა. თუმცა, ჩვენს მხარეს არის ფაქტები და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები. ეს დაადასტურა ეუთო/ოდირმაც და თუკი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს დეტალურად წარვადგენთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.