„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა და შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ოპერატორმა სხეულის მრავლობითი დაზიანება სწორედ დაკავების დროს მიიღო. ამასთან, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი დაულურჯეს.
შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.