მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის გაუმართლებელი და სერიოზულად ვარ შეშფოთებული მისი მდგომარეობით, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტმა განაცხადა.
ო’ფლაერტი თბილისში იმყოფებოდა და რეჟიმის პატიმარი, მოშიმშილე მზია ამაღლობელი ციხეში მოინახულა.
“ქალბატონი ამაღლობელი შიმშილობს მას შემდეგ, რაც 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელზე სავარაუდო თავდასხმისთვის. იმის განსჯის გარეშე თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ მის [მზია ამაღლობელის] ბრალდებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ახლა წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის გაუმართლებელი და სერიოზულად ვარ შეშფოთებული მისი მდგომარეობით” – ამბობს მაიკლ ო’ფლაერტი.
კომისარი ო’ფლაჰერტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის აპრილში და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საჯარო დემონსტრაციების კონტექსტში სამართალდამცავების და დაუდგენელი ნიღბიანი პირების მიერ უკანონო დაპატიმრებებისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო.
გარდა ამისა, კომისარი ყურადღებას ამახვილებს მის ადრინდელ რეკომენდაციაზე, რომ ყველა სამართალდამცავ ოფიცერს ჰქონდეს სათანადო იდენტიფიკაცია.