6 მარტს, ონლაინგამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოსამართლე სალიხ შაინიძემ ღიად დატოვა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გრიგოლ ბესელიასა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის თაობაზე.
ისინი უშუალოდ ფიგურირებენ ამაღლობელის ორივე დაკავების საქმეში.
როგორც ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, დგებუაძისა და ბესელიას დაკითხვას ითხოვენ იმ მიზეზით, რომ უშუალოდ გრიგოლ ბესელიამ მიიღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და თავად განახორციელა, რაც ვიდეომტკიცებულებით დასტურდება.
“დაცვის მხარეს აინტერესებს მისი, როგორც მოწმის ჩვენება, რის გამო დააკავა ამაღლობელი. ვიდეომტკიცებულებით ისიც დასტურდება, რომ ირაკლი დგებუაძე აკეთებს კომენტარს ამაღლობელის დაკავებაზე და მიზეზად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლს ასახელებს. თუმცა ამაღლობელს დაკავების შემდეგ ოქმი შეუდგინეს 173-ე მუხლით. მოსამართლემ თქვა, რომ ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და ამ საკითხს დაუბრუნდებიან მოგვიანებით. ეს არის ღიად დატოვება საკითხის, – მან თქვა, რომ საქმის განხილვისას მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე თუ ჩაითვალა, რომ მათი [დგებუაძისა და ბესელიას] გამოკითხვა მნიშვნელოვანია მოწმედ, შემდეგ დაუბრუნდება ამ საკითხს”, – განაცხადა მან.
ადვოკატის თქმითვე, საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა 4 ვიდეოჩანაწერი.
“ერთ ვიდეომტკიცებულებაში ასახულია, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს. მეორე ვიდეოჩანაწერში ირაკლი დგებუაძე აკეთებს კომენტარს, რომ ამაღლობელი დააკავეს 150-ე მუხლით. მესამე ვიდეომტკიცებულება საგამოძიებო ფილმია, რომელიც მოამზადა სტუდია “მონიტორმა” და ნაჩვენებია, როგორ გააყალბეს როგორც დაკავების, ასევე სამართალდარღვევათა ოქმი მზიას საქმეში შსს-ს წარმომადგენლებმა. მეოთხე ჩანაწერში არის ვიდეომტკიცებულება, როგორ აგინებს და როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს, უკვე მეორე დაკავების შემდეგ. ეს მტკიცებულება იმის საჩვენებლად გვჭირდება, რომ მთლიანად ბათუმის პოლიციის ეს განყოფილება და დგებუაძე ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ საქმეში, ისინი არიან დაინტერესებული პერსონები”, – თქვა ადვოკატმა ქურდოვანიძემ.
მოსამართლემ ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლებიც მტკიცებულების დაშვებას ითხოვდნენ – 4 ვიდეოფაილისა და 10 მოწმის სახით.
ადვოკატ თამარ წულუკიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ღამით თავდაპირველად პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს, რომელიც პოლიციამ მალევე ჩამოხსნა.
“როცა მოქალაქეებმა იკითხეს, ირაკლი დგებუაძემ გარკვევით თქვა, რომ 150-ე მუხლით დააკავეს, რომელიც იერსახის დამახინჯებაა. ამ მუხლით მოქალაქეს არ აკავებენ, ამ მუხლზე წარმოებას იწყებს მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც მიმართავს მერიას, რის საფუძველზეც დგება დადგენილება. ამ მუხლით მოქალაქის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს, ამბობს ადვოკატი. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ მუხლი შეცვალეს, ნაცვლად 150-ე მუხლისა, გამოიყენეს 173-ე, რაც გულისხმობს პოლიციელის შეურაცხყოფას. გვაქვს ოქმი საქმეში, სადაც წერია, თითქოს, მზია ამაღლობელი ეძახდა მათ მონებს, რუსებს, ძაღლებს და ა.შ. ეს არის შაბლონური ოქმი”, – ამბობს თამარ წულუკიძე.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ სხდომა 13 მარტისთვის გადადო.
მზია ამაღლობელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალს.
6 მარტის სასამართლოს სხდომაზე, მისმა ადვოკატებმა საქმის მოსამართლის სალიხ შაინიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ამის საფუძვლად ისინი ნათესაურ კავშირს ასახელებენ, ადვოკატების თქმით, მოსამართლე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა, მათ სურთ საქმესთან დაკავშირებით კითხვები გამოირიცხოს.
ნათესაური კავშირის არსებობა დაადასტურა მზია ამაღლობელმა, თუმცა მოსამართლემ აცილებაზე უარი თქვა.
მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება, 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.