რუსეთს ევროპასთან მშვიდობა არ სურს, თუ ჩვენ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების უფლებას მივცემთ, ისინი გააგრძელებენ, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა და ევროპასა და შეერთებულ შტატებს ერთად ყოფნისკენ მოუწოდა.
“შეერთებული შტატებისა და ევროპის წინსვლის საუკეთესო გზა ერთიანობაა,“ – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ბოლო დროს არსებული დაძაბულობის კომენტირებისას მეტე ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს არქტიკის უსაფრთხოების საკითხი აშფოთებს და წინსვლის გზის ერთად პოვნას შეეცდებიან.
დანიის პრემიერს დაუსვეს შეკითხვა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც ევროპას აშშ-ის გარეშე თავის დაცვა არ შეუძლია. ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ეს უკიდურესად რთული იქნება.
„როდესაც დაზვერვის მონაცემებს, ბირთვულ იარაღს და სხვა რაღაცებს ვუყურებთ, ჩვენ აშშ-ზე ვართ დამოკიდებულნი“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, ევროპელი ლიდერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ევროპის გადაიარაღება უნდა იყოს და სამიზნე წლად 2035 წლის მიჩნევა ძალიან გვიანი იქნება.




