პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე, რომელიც ციხეში, “წულუკიანის კომისიაზე” არ გამოცხადების გამო დაიჭირეს, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:
ორი თვეც გავიდა.სანამ მოსაწყენი, გავარვარებული, გაუთავებელი აგვისტოს ამბებს მოგიყვებოდეთ, სადაც მოსაყოლი დიდი არაფერია, იმ უეცარ, მოულოდნელ, არსაიდან თავსდატეხილ განსაცდელზე მოგითხრობთ, ამ წუთას რომ ვიმყოფები.გუშინ საღამოს ადმინისტრატორისგან მივიღე ფურცელი, რომელზეც წერია, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მაქვს უფლება, გარე სამყაროდან მივიღო ე.წ. „დაჩკა“, ამანათი, რომელშიც მოხვდება წინასწარ განსაზღვული საჭმელი პროდუქტები. თითქოს ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? მხოლოდ დაბადების დღის მთავარი საჩუქარი, რომელიც უკვე მივიღე და რომელზეც ქვემოთ გეტყვით. აბა, რატომ ვარ ასეთ შფოთვაში? იმიტომ, ეს ოხერი, რომ აქ კიდევ ერთხელ მომიწია ის, უკვე მივიწყებული, თითქოს, წარსულს ჩაბარებული, წყეული ოლოლო.დიახ, სწორედაც, რომ ოლოლო. მეგონა, უბრალოდ კი არ გავიზარდე, სულაც დავბრძენდი, საძულველი ბუღალტერიაც ავითვისე, ამჯერად ყველაფერი ზუსტად გავთვალე, ფინანსური ბალანსიც ზუსტად დავსვი, პაემანიც, ერთი ჩავარდნის მიუხედავად, 29-სთვის დავაკონმფირმე, მომსვლელებს გავაგებინე და ამისთვის შემონახული, ამ თვეში ბოლო ზარის უფლება გამოვიყენე, რადგანაც დარჩენილ რამოდენიმე დღეში ნაღდად აღარ დამჭირდებოდა – ოლოლო!აჰა, თუ არ დამჭირდა ეს ფურცელი აქ, რომ მიდევს და შეხედვაც კი ნერწყვებს მადინებს, ვინც ამანათი უნდა შემომიგზავნოს, იმათ როგორ გავაგებინო?სიაში დაშვებული ხილის ჩამონათვალში უაზროდ გამოირჩევა ბანანი, რადგან, მომდგარი შემოდგომისთვის, რაღა ბანანი, როდესაც, მაგალითად არ წერია ატამი? მე კი სახლეჩი ატამი მირჩევნია ყველაფერს, მაგრამ ნებისმიერი სხვაც წავა. ბანანი კი საბჭოთა დროს გამიხარდებოდა, როდესაც გასინჯული არ მქონდა.
მერე მივხვდი, რატომ ბანანი. ცნობილი ტესტი გამახსენდა, მაიმუნებს რომ აუცილებლად უტარებენ – გისოსებში გამომწყვდეულებს ხელს გარეთ გამოაყოფინებდნენ და ხელში გარდიგარდოდ უდებდნენ ბანანს. ასეთ მდგომარეობაში მაიმუნს ბანანი გალიაში ვერ შეჰქონდა, რამდენიც არ უნდა ეჯახირა, რადგან, გისოსებს შორის არ ეტეოდა. მხოლოდ საზრიანი მაიმუნები ხვდებოდნენ, როგორ უნდა გაესწორებინათ ბანანი ისე, რომ გისოსებს შორის გატეულიყო. ჰოდა, ახლა მე ვზივარ და ვფიქრობ, როგორ გავხდე საზრიანი მაიმუნი და როგორ მოვიზიდო სანუკვარი ამანათი. სხვათა შორის, ჩინური კალენდარით დაბადებით სწორედ მაიმუნი ვარ. გამოწვევა კი იმაშია, რომ გლუვიც მაიმუნია და მე უნდა დავამტკიცო, რომ მისგან განსხვავებით საზრიანი ვარ.გამოსავალი კი სრულიად ერთადერთია – დასვენებიდან უკვე დაბრუნებული ჩემი მეგობარი და პარალელურად, ადვოკატი აბესა დღის ბოლომდე ციხეზე შემოვიდეს. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ აბესამ იცოდეს – ამდენი ხანია არ შემოსულა, ცოდო ვარ და აქეთ მოიჩქაროდეს – მან იცის, რომ ამ თვეში უკვე ორი, ოფიციალურად არა ჩემი ადვოკატი მყავდა ვიზიტად და სულ ახლახანს, სულაც ჩემი ადვოკატი ბექა მესტუმრა კაი ხნით. რაც ნიშნავს, რომ არაფერი ცოდო არ ვარ, ორ დღეში პაემანიც მაქვს და მას მშვიდად შეუძლია ვიზიტი თვის დასაწყისისთვის გადადოს.ამდენად, ერთადერთი შანსია აბესას გუმანზე რამენაირად დისტანციურად ვიმოქმედო, ქვეცნობიერებაში ვაგრძნობინო, რომ ვარ ცოდო, უფრო მეტადაც, ვიდრე წარმოუდგენია და შველა მჭირდება.ღამე ადრე დავწექი და ელვისებურად დავიძინე, ბევრი დრო რომ მქონოდა. გათენებამდე ვცდილობდი, დავსიზმრებოდი აბესას შთამბეჭდავი, აფორიაქებული ხატების სახით, დილიდან რეალობის გადამოწმების სურვილი რომ დაუფლებოდა. ვცდილობდი დავსიზმრებოდი პირველი სართულიდან იდუმალი გზით ჩემს საკანში შემოღწეული ჩემი ამფეთქებლის, დარჩოს მიერ ყელგამოჭრილი, კუკუშკაში ნიკოლსონის მსგავსად ლობოტომირებული, პოლონიუმით, ან კიდევ რაიმე ამოუცნობი შხამით მოწამლული, ტასმანიურ ეშმაკად ან მათიკაშვილად გადაქცეული, იდუმალად გამქრალი და კიდევ ვინ მოთვლის რანაირი. შევძელი? აბა, მე რა ვიცი. ამიტომ, დილიდან ვცდილობ, ვიცი რა, რომ სახლიდან გამოსვლამდე აუცილებლად მოეალერსება მის ჩვილ ვაჟს, მოულოდნელად მამას ნაცვლად გივი ვათქმევინო, თან ისე, რომ ფსიქიკა არ დავუზიანო და სახალისო ოინად დავხატო.მეტი რა ვქნა არ ვიცი. არადა, როგორ ვეფერები ამ სიას. რა სათუთად დავატანე ყველა დაზუსტება – რომ სჯობს, საჭმლის მომზადება გელას ვთხოვოთ, ზესტაფონელ ადამიანს, რომელიც „ლორდს“ გამოეყო და ვაკეში გახსნა რესტორანი „პაემანი ვერაზე“, სადაც მიუხედავად აშკარა გეოგრაფიული აღრევისა, ჩემი საყვარელი ზესტაფონური სამზარეულოს მთელი პეწი შენარჩუნა. მივაწერე, რომ წიწილი შებრაწოს, ოღონდ ზედმეტად არა. დედალი მრგვლად მოხარშოს. ხაჭაპურს ცხიმი არ წაუსვას. ლობიანში ლორი ჩადოს. ყველი იყოს იმერული, ნასვრეტიანი, ზაფხულის. კიტრი თხელკანიანი, რადგან პლასტმასის დანით არ ითლება. ხორცი შემწვარი არ მინდა, მხოლოდ მოხარშული, ბეჭი და კანჭი, ძვალგამოცლილი. უკრემო ნამცხვარი – ალუბლის პეროგი, ნუ ვაშლისაც შეიძლება. ვაშლი ზაფხულის მიყვარს. მსხალი ალექსანდრიული. ლიმონი ყვითელი, თხელკანიანი. ნუ და ის წყეული ბანანიც იყოს. გისოზებზე ვივარჯიშებ.ჯერ კი ადრეა, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, ნელ-ნელა უნდა შევეგუო აზრს, რომ შემდეგი თვე ვიცხოვრებ მოგონებებით საჭმელზე, რომელიც არ მომზადებულა. წარმოვიდგენ, როგორ გავკვნეტ შებრაწული წიწილის ფრთას, რა ნაზი იქნება ხბოს ბეჭი, როგორ გაიჭრაჭუნებს ყველი … და როგორ მრჩება ბოლოს ბანანი, რომელიც, მგონი აქაც იყიდება. რას მომაჩეჩეს ეს ფურცელი გუშინ, ამ შემთხვევაში ხომ არ ცოდნა შვება იქნებოდა … ნეტავ, გიორგობაზეც იქნება ეს ამბავი? თუ გიორგობა, ჩვენი რევოლუციების გამო გაუქმებული აქვთ? გიორგობაზე ფიქრში მივხვდი, რომ მთლად აგერაა მარიამობა და გადავწყვიტე ბოლო იმედის შანსიც გამოვიყენო – დღესასაწაულის ხათრით ვთხოვო ღვთისმშობელს, გააჯანჯღაროს აბესა, გამოახედოს აქეთ. ამ დიდებულ დღეს წილხვედრის პირმშო, ერთი ჩვეულებრივი მორჩილი ბიჭის თხოვნის შესრულება ხომ მადლი იქნება.რა თქმა უნდა, დაბადების დღის მთავარი საჩუქრის, რომელზეც ქვემოთ გეტყვით, გამო მადლიერი ვარ, მაგრამ ეგ უთხოვნელად მივიღე და ერთი თხოვნის უფლებაც ხომ მაქვს? მერე დავფიქრდი, რომ ჭამა მაგარია, მაგრამ შიმშილით არ ვკვდები და თუ თხოვნით მთლად ღვთისმშობლის შეწუხება მინდა ძალზე არაადეკვატური იქნება საჭმლის, თუნდაც წიწილის შებრაწული კურტუმოს თხოვნა და გადავწყვიტე, უფრო მთავარზე ვიფიქრო.ღვთისმშობელო, მადლიანო, არ ვიცი, ეს ცამეტი წელი ნაწყენი იყავი, თუ უბრალოდ, არ გეცალა, ან ისვენებდი, მაგრამ გარწმუნებ, საკმარისია. თუ შემქმნელს უნდოდა, ჩვენი შეცდომები, მანკიერებები გაგვეაზრებინა, გაგვეგო – გავიგეთ. ზედმიწევნით კარგადაც. მაგრამ ახლა თუ არ აღვადგენთ კონტაქტს ეს გაგებული აზრს დაკარგავს, ვერაფერში გამოვიყენებთ. მოგვაცილე, შენს თვალებს ვენაცვალე, ეს ჯოჯოხეთიდან ნათხოვარი მახინჯები. არა, იმას არ ვითხოვ, ჩვენ მხართეძოზე წამოწოლილები ვიყოთ, თუნდაც ციხეში და ყველაფერი შენ მოაგვარო. არა. უბრალოდ წმინდა გიორგი დაგვიბრუნე. ჩვენ ხომ ისე მაგრად ვთანამშრომლობდით. ვიცი დავალების გარეშე არ მიგვატოვებდა, მეგობრულ ამბავშიც და სპორტული ინტერესის გამოც. დაგვიბრუნე და მიგვიშვი, რომ მისი შუბი მიწიდან ბოლომდე ამომძვრალი დრაკონის გულამდე მივაახლოვოთ. თავს არ დავზოგავთ. ბოლოს და ბოლოს, იმ ქვეყნიდან ამდენჯერ აქ საკოტრიალოდ ხომ არ მომაბრუნეთ? ბოლო იყოს – შევასრულებ და თქვენს განკარგულებაში ვიქნები. საჭმელიც ეგ იქნება და ჯილდოც. ჰო, კიდევ რადგან გავკადნიერდი, ერთსაც გთხოვ მოწიწებით – გლუვს შთააგონე, რომ დიფსთეითი ღვთიური დასია და მასთან ჭიდილი ჯოჯოხეთამდე მიიყვანს, სადაც კაპეიკის ფასი არ ექნება. ურწმუნოა, მაგრამ მშიშარა. ცრურწმენების სჯერა. რამე ტრამპის სახიანი განრისხებული ბაობაბი მოალანდე და ეგაა …საჩუქარი კი, მეგობრებო, მართლაც მეფური იყო – სამედიცინო უნიტაზი! ასე ვიპოვე წყვდიადში სინათლე – ყველა შესვლაზე ვუყურებ, როგორ ბრწყინავს მისი მეტალის ნაწილაკები და ანათებს თეთრი კორპუსი. აი, გლუვისთვის რაც ახლა ოცდაერთია, ეგაა. ფულიანი ქართველისთვის დებილური კალხოზნიკისებური კვადრატული მერსედესის ჯიპი. მე იცით რას მახსენებს? ბავშვობაში საშუალო ბედნიერების მომტანი გავრცელებული ველოსიპედი იყო „არლიონაკი“, რომელიც მეც მყავდა. მაგრან იყო კიდევ ასეთი – „სპორტი“. ეს იყო საბურავებიანი სტრარტშოსე, ოთხსიჩქარიანი, საბჭოთა ველოინჟინერიის მწვერვალი, მაგრამ მხოლოდ ცეკას ბლატით თუ შეიძენდი. ეს ოცნება დაბადების დღეზე ამისრულდა, ერთგვარი მოდეზნირებული სახით. ჰოდა, იმედი ბოლოს კვდება – იქნება და ეს თხოვნებიც დამიკმაყოფილდეს აქ უწყლო ქალაქ რუსთავში, მეთქვმეტე დაწესებულების ჯერ კიდევ გავარვარებული ჭერის ქვეშ, B-302 საკანში.P.S. ამ პოსტს, როგორც ხვდებით, გვიან ვატან, მარიამობამ კაი ხანია გაიარა, ამანათი, რაღაც ხრიკებით მოვიპოვე, მაგრამ მოწოდების ტრივიალურმა ფორმამ პერფომანსი გააფერკმთალა, ამიტომ ისევ იმ განცდილ ემოციებს გთავაზობთ.