მედია: ცნობილია რა უპასუხა “ოცნებამ” ევროკომისიას – რას ფიქრობენ ბრიუსელში?

ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ საქართველო “მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს”.

ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილს და შესაბამის ანგარიშს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

  • ვახტანგ მახარობლიშვილის წერილის ადრესატი ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელი, ბეატე გმინდერი, ის ვინც 14 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მიმართა.

გამოცემის ცნობით, ხუთ ნაწილიანი ანგარიშის “საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების” ნაწილში “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან: “განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაცვისა და განვითარების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით”.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის სამი პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა:

ორი მათგანი 2025 წელს “ძალადობის გამოყენებას” და ერთი – 2023 წელს “იარაღის გამოყენებას” შეეხება. ანგარიში დაზუსტებულია, რომ “ეს სისხლისსამართლებრივი დევნა არ უკავშირდებოდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ან საპროტესტო აქციების დროს ჩადენილ დანაშაულებს”. 

ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენელმა “რადიო თავისუფლებას” [ანონიმურობის დაცვის პირობით] განუცხადა, რომ “ქართული ოცნების” წერილი დაუსაბუთებელია. 

“მათ არ უპასუხიათ ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე.

მათ არგუმენტებით გაუმყარებელი პასუხები გამოგვიგზავნეს,” – განაცხადა წყარომ. 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა.

ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელმა, ბეატე გმინდერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 14 ივლისს გაუგზავნა წერილი.

წერილს თან ერთვოდა რეკომენდაციების რვა პუნქტიანი სია.