მედია: ოკუპირებული ცხინვალის სამ ე.წ. დეპუტატს რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აეკრძალათ

მედიის ცნობით, გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ჯამბოლათ მედოევი, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატები, რომლებსაც მოსკოვმა საკუთარი მოქალაქეობა ჩამოართვა, რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აღარ შეეძლება.
ოკუპირებული ცხინვალის მედია Сапа წერს, რომ სამმა ე.წ. დეპუტატმა ნიჟნი ზარამაგის გამშვებ პუნქტზე ე.წ. ოსეთის პასპორტებით გადასვლა სცადეს, რაზეც უარი მიიღეს.
მედიის ცნობით, მათ ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჩრდილო ოსეთის სამმართველოსგან მიიღეს შეტყობინება “რუსეთის ფედერაციის დატოვების და რუსეთის ფედერაციაში შესვლის პროცედურის შესახებ”. ამავე ინფორმაციით, ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში შესვლა შესაძლოა აიკრძალოს, თუ “ეს აუცილებელია სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის, ან უსაფრთხოების, ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად”.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ე.წ. დეპუტატებს რუსეთში შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე ეკრძალებათ. ე.წ. დეპუტატებმა ხელი მოაწერეს შეტყობინებას და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
აქამდე ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა ალან გაგლოევმა თქვა, რომ ე.წ. დეპუტატებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, რუსეთის ფედერაციაში შესვლა ე.წ. სამხრეთ ოსური პასპორტებით შეეძლებოდათ.
მედია Сапа გასულ თვეებში წერდა, რომ ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოსკოვის მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯია.
“ცნობილია, რომ გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ჯამბოლათ მედოევი ემხრობოდნენ საქართველოსთან საზღვრის დადგენას. მულდაროვი ხელმძღვანელობდა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიას. სანაკოევი რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომლის დაკავების ორდერი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს გაცემული. ორივე დეპუტატი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობაზე თავს კანდიდატად ასახელებდა.” – წერდა მედია ოკუპირებული რეგიონიდან.
ე.წ. დეპუტატები ირწმუნებოდნენ, რომ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო “პროქართულ ლობისთან”.
“სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული ამ “ინიციატივის” მიზეზები არცერთი ჩვენგანისთვისაა გასაგები. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე ეს ყველაფერი იწვევს დაბნეულობას. ამას ვუკავშირებ რუსულ-ქართული ურთიერთობებს დათბობას და სამხრეთ ოსეთში პროქართული ლობის საქმიანობას. მე და ჩემი კოლეგები დავიცავთ ჩვენს უფლებებს ყველა სამართლებრივი საშუალებით, მაქსიმალურად საჯაროდ.” – ამბობდა სანაკოევი.
“სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს მოსკოვში ადგილობრივ “პოლიტიკოსებს” აწვდიან ასეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც მსგავს ანტირუსულ და ანტიოსურ გადაწყვეტილებებს იღებენ. სამხრეთ ოსეთი, ალბათ, რუსეთისთვის ყველაზე ახლო და მეგობრული სახელმწიფოა. ცხადია, რა დასკვნებსაც გამოიტანენ ასეთი სახელმწიფოს პარლამენტის დეპუტატებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევიდან – რომ რუსეთი საკუთარ მეგობრებსა და პარტნიორებს მარტო ტოვებს. არ ვიცი, რით ხელმძღვანელობდნენ ამ პროვოკაციის ორგანიზატორები, მაგრამ ისინი მხოლოდ საქართველოსა და მათი დასავლელი კურატორების სასარგებლოდ თამაშობენ.” – ამბობდა მულდაროვი.
“ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია: შუა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ეს ყველაფერი კეთდება იმ ხალხის მიერ, ვისაც სურს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განხეთქილების შექმნა.” – ამბობდა მედოევი.
ოკუპირებულ ცხინვალში ხშირად განიხილავენ ინიცატივას, რომ ე.წ. საზღვარი დაწესდეს 1922 წლის დეკრეტი N2-ის მიხედვით. ამ იდეას ადრე მხარს უჭერდა მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევიც, როცა ის ოპოზიციაში იყო. მას შემდეგ, რაც მან ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამბობს, რომ ამ საკითხის გადაჭრა რუსეთის გარეშე შეუძლებელია.