მამუკა მდინარაძე აშშ-სგან საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო, სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადებას გამოეხმაურა. ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და განაცხადა, რომ მალე “ყველა მსგავსი გადაწყვეტილება” შეიცვლება.
“ჩემი აზრით, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება […] მინიმუმ, ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა – იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხითა და რეფორმების გატარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნების რიგშია. მაგალითად, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს ყველას უსწრებს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არის გაუგებარი და მე მგონია, რომ ძალიან მალე, მაგალითად, რამდენიმე თვეში, ასეთი და ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული”. – თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა თქვა, რომ აშშ-ს ეს გადაწყვეტილება გაუგებარი არ არის და ის მკაფიოა, რადგან მათი მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. ამის მიზეზად ელჩმაც ქართული ოცნების გარკვეული წარმომადგენლებისგან ამერიკისა და საქართველოში მათი განზრახვების შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებები დაასახელა.
აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.
“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.” – წერია პენტაგონის განცხადებაში.