საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მიმდინარე კვირაში დაარეგისტრირებს კანონპროექტს “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ”.
18 მარტს, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპონენტები “დაურეგისტრირბელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან” და ახსენებს ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, რომელიც მისი მტკიცებით, “ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვას” ეხებოდა.
“როგორც იცით, ამ თემით ჩვენი ოპონენტები დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირბელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები. ტრენინგები პრაიდის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.
სინამდვილეში, სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა თავიდანვე გაავრცელეს. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯებს ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული…”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ინიციატივის შესახებ მან ჯერ კიდევ 29 თებერვლის ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნება” გეგმავს, მოამზადოს კანონპროექტი “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის” წინააღმდეგ.
მაშინ მამუკა მდინარაძემ, წყაროების მიუთითებლად, „საერთაშორისო კვლევებზე“ დაყრდნობით გამოაცხადა, რომ პროპაგანდის შედეგად „18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს“ და „მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა და ახალი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. მმართველი პარტიის ინიციატივას ძირითადად საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ და შიშობენ, რომ ის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას შეზღუდავს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კონსტიტუციას დაიცავს.
„ოცნების“ ახალ ინიციატივას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე უწოდა „რუსული კანონი 2“. მანამდე „რუსული კანონი“ ხალხმა „აგენტების შესახებ“ კანონს დაარქვა შარშან გაზაფხულზე.
არასრულწლოვანებში „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს, ხოლო 2022 წელს ის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა. ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ რუსეთში ლგბტ+ თემი იდევნება. 20 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ „როგორც სურთ“ და „არავინ არაფერში ზღუდავს“.