მასტერის თქმით, ქეთი მელუამ მოითხოვა სიმღერის წაშლა, სადაც ერთად მღერიან

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი აცხადებს, რომ ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღეს გადაწყვეტილება და ითხოვენ, რომ გაუქმდეს მათი დუეტის ლიცენზია – ანუ, წაიშალოს სიმღერა.
ამის შესახებ რეპერი Facebook-ზე წერს და აცხადებს, რომ ქეთი მელუამ მოთხოვნის მიზეზად “ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე” დაასახელა. მასტერი ამას მის მიერ “გამოხატულ პროტესტს” უკავშირებს, რომელიც ნანი ბრეგვაძის “დრაგ ბოლზე” მიწვევას უკავშირდებოდა.
მასტერის თქმით, სწორედ ამის შემდეგ, LGBT ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მას “რევანშით” უპასუხეს.
“ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს.
ყურადსაღებია რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის “დრაგ ბოლზე” მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან “რევანშის” დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მითუმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს…”, – წერს ის Facebook-ზე.
Drag Ball ქვიარ კულტურის ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, სადაც განსხვავებული სქესის, რასისა თუ ორიენტაციის ადამიანები იკრიბებიან. საქართველოში ის ბოლო რამდენიმე წელია იმართება და მისი მხარდამჭერი ორგანიზაცია თბილისი პრაიდია.
2023 წლის დეკემბერში დაგეგმილ Drag Ball-ზე ს უნდა ემღერა, თუმცა 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ის ღონისძიებას ვეღარ გახსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანი ბრეგვაძე ღონისძიებას არ დაესწრო, მან შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ “სიყვარული მაინც გაიმარჯვებს”.