აშშ მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ღაზა „ჰამასისგან“ თავისუფალი უნდა იყოს. როგორც დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ მზადაა ეს პროცესი წარმართოს და ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. ჩვენ რეგიონში ყველასთვის ხანგრძლივი მშვიდობისკენ ვისწრაფვით“, – წერს მარკო რუბიო.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აშშ ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს“.
„აშშ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს ღაზას და ჩვენ შევასრულებთ სამუშაოს. პასუხისმგებელი ვიქნებით ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს. შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს შეუზღუდავი რაოდენობის სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის. ჩავატარებთ ნამდვილ სამუშაოს“, – აღნიშნა ტრამპმა.
