მარიამ მჭედლიშვილი: თქვენ იცით, სვანეთის სოფლებში რომ აფთიაქები არ არის? ზოგ სოფელში მაღაზიაშივე იყიდი რამდენიმე წამალს, და თუ რამე მეტი გინდა – მესტიამდე ან ზუგდიდამდე უნდა ჩახვიდე

მარიამ მჭედლიშვილი -,,ჩართეს“ წევრი:

სანამ მესტიას დავტოვებ…
თქვენ იცით, სვანეთის სოფლებში რომ აფთიაქები არ არის? ზოგ სოფელში მაღაზიაშივე იყიდი რამდენიმე წამალს, და თუ რამე მეტი გინდა – მესტიამდე ან ზუგდიდამდე უნდა ჩახვიდე. და რა გზის გავლა გიწევს, გინახავთ?
მესტიაში ტრავმატოლოგი ძირითადად არ ჰყავთ – მხოლოდ სეზონურად ამოდის მოწვეული ექიმიო. ისედაც აქაურ ექიმებს ვერავინ ენდობაო. ერთ ოჯახში მითხრეს, ბავშვი რამის მომიკლესო; იმავე ოჯახში მეორე ბავშვს ლავიწი გაუტყდა და თავისით შეუხორცდა – არასეზონურ დროს მოტყდა და ტრავმატოლოგი არ იყო.
სვანეთში, სადაც დღის განმავლობაში სამანქანო გზებიც მოყინულია, არავის ურჩევენ ცუდად გახდომას: ქუთაისამდე ცუდად არ უნდა გახდე. რამე რომ უჭირთ – თბილისამდე უნდა გაძლონ.
სვანეთის სოფლებში – სახანძრო და სასწრაფო რამდენ ხანში მიდის, არ იკითხავთ?
სვანეთის სოფლებში არა თუ ინტერნეტი – ტელეფონიც არ იჭერს. ძლივს ვპოულობ ოჯახებს.
სვანეთში დენი თუ არის, ისიც არასტაბილურია. მიწევს, ვთხოვო ოჯახებს სტაბილიზატორი იყიდონ, რომ მათაც არ დაეწვათ ტექნიკა.
მეხუთე დღეა სვანეთში ვართ და მის სოფლებშიც დავდივართ. რომ იცოდეთ, რამდენ რამეზე ოცნებობენ აქაური ბავშვები! რამდენ რამეს ცდილობენ თავისით! როგორი სევდიანები არიან მშობლები…
და სვანეთში რამდენი მილიონერი გვყავს?
და მაინერები – როგორ გუგუნებენ!
რა სევდიანია, ცხოვრობდე ასეთ ლამაზ, მრავალფეროვან, უხვმოსავლიან, პერსპექტიულ ქვეყანაში და ისეთი ხალხი მართავდეს მაგ ქვეყანას, ვისაც ის არ უყვარს. ვინც მასზე არ ზრუნავს.
საკუთარ ქონებაზე იქით არაფერი ადარდებთ