მარიამ ლაშხი: მე პირადად, დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას, ვიზით ვისარგებლე

მე პირადად, დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას, ვიზით ვისარგებლე, შეფერხება არ ჰქონია – ინფორმაცია [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე] ამ თემის კიდევ ერთხელ გაღვივების მიზანს ემსახურება – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

ლაშხი იმედს გამოთქვამს, რომ „ევრობიუროკრატების მიერ არასწორად მართული პროცესები დაუბრუნდება თავისივე სათავეს“.

„ეს ინფორმაცია ამ თემის კიდევ ერთხელ გაღვივების მიზანს ემსახურება. ამ მიმართულებით გადაწყვეტილება ევროკავშირის უმეტეს წევრს ისედაც გამოტანილი ჰქონდა და მე პირადად, დიპლომატიური პასპორტით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას ვიზით ვისარგებლე, შეფერხება არ ჰქონია. იმედი მაქვს, რომ ევრობიუროკრატების მიერ არასწორად მართული პროცესები დაუბრუნდება თავისივე სათავეს. ასევე, იმედია, ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩახედავენ მათივე ანგარიშებს, შეფასებებს, როდესაც საქართველო მოწინავეა და იმ ვალდებულებებს ასრულებს, რომელიც პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლის ძირითად პრინციპებს ეხება”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და წავიდნენ.

„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.