მათე დევიძის განაჩენის გამო ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვდნენ სხვა დაკავებულები

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე, სადაც პოლიტპატიმრად მიჩნეული 11 დემონსტრანტის საქმე განიხილება, ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილება მოითხოვეს – ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ, რომელმაც წინა დღეს 21 წლის აქციის მონაწილეს, მათე დევიძეს პოლიციელისთვის ჯოხის მოქნევის გამო 4,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ადვილად განჭვრეტადია რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა დემონსტრანტების საქმეზე და ამიტომ, ის სხვა მოსამართლემ უნდა შეცვალოს. ნინო გალუსტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
“თქვენ პირველი გამოცდა ჩააბარეთ, ჩააბარეთ ის, რომ მათეს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯეთ. როგორც მოსამართლე, თქვენ უვადოდ არ ხართ დანიშნული, გამოსაცდელი ვადით ხართ დანიშნული და ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩააბარებთ ამ გამოცდას. მათესთან ჩააბარეთ, ახლა 11 სინდისის პატიმართან როგორ ჩააბარებთ და შეიძლება არ დაგჭირდეთ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და უვადოდ დაინიშნოთ.
ამიტომ თქვენ აცილებული უნდა იყოთ, თქვენ ვერ მიიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ჩანს მხოლოდ იქიდან, კონვეირული სისტემით რო ჩაგვინიშნეთ ყოველ მეორე დღეს სხდომები! რაც თქვენ გუშინ გააკეთეთ, მე არაფრის იმედი არ მაქვს” – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთმა ადვოკატმა.
“გუშინ მაგალითად, 21 წლის სრულიად უწყინარი, პატიოსანი, ნათელი, სპეტაკი, უდანაშაულო ახალგაზრდა დაიჭირეს და 4,5 წელი მიუსაჯეს, თქვენ მინდა გკითხოთ ქალბატონო ნინო, როდესაც წლების შემდეგ შვილიშვილები გკითხავენ, ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ბედი რომ წყდებოდა, ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა და თავს სწირავდა ამისთვის, შენ სად იყავი მაშინო?
რას უპასუხებთ, ხელს ვუშლიდი ამაშიო? და სამშობლოს მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ციხეში ვუშვებდიო? არა უშავს, ადრე თუ გვიან, მათე აქედან გავა და თავაწეული გააღებს ციხის კარებს და თქვენ, რომ გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არა მარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო, თქვენ არავინ დაგაფასებთ ასე, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, თქვენთვის არავინ გაავსებს სასამართლოს ეზოებს“, – ასე მიმართა მოსამართლეს 26 წლის რეზო კიკნაძემ.
რეზო კიკნაძე დააკავეს 2024 წლის 6 დეკემბერს. დაკავების ოქმში მითითებულია, რომ ის ლისის ტბაზე დააკავეს, მაშინ როცა თავად კიკნაძე აცხადებს, რომ იგი მეტრო „უნივერსიტეტთან“ აიყვანეს, შემდეგ კი ლისის ტბაზე გადაიყვანეს. დაკავების დროს მას სცემეს და აიძულებდნენ ეთქვა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავალებით მოქმედებდა. კიკნაძე ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მას მუქარით აიძულეს ეთქვა, რომ ს, გიორგი ჯაფარიძისა და სალომე ხოშტარიას დავალებით მოქმედებდა.
რეზო კიკნაძე აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. დაკავების შემდეგ მან ციხეში შიმშილობა გამოაცხადა სხვა პატიმრებთან, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, სოლიდარობის ნიშნად.
მათე დევიძეს განსასჯელის სკამიდან მიმართა ასევე ონისე ცხადაძემ, რომელმაც მოსამართლეს შეახსენა, რომ “არ იქნებიან სულ “ქოცები” – მისი აღქმით პროცესებზე სისტემა მოქალაქეებთან ურთიერთობაში “ცეცხლს ეთამაშება.”
„მე მათეს მინდა მივმართო, არ არსებობს არცერთი წყვდიადი, სადაც შენ სინათლის მოძებნა მოგიწევს, იმიტომ, რომ შენნაირი ადამიანები არიან თავად სინათლე. თქვენ გაანათებთ და ეს ქვეყანა არის თქვენი და თქვენი თანატოლების. 29 წლის ასაკში რომ ამას ვამბობ სამწუხაროა, მაგრამ იმდენი რამე გავიარე თავი 60 წლის მგონია. ამდენი ხანი არ მოგიწევს ციხეში ყოფნა. მოვა დრო, როცა მივიღებთ დამოუკიდებელ სასამართლოს და ყველა მოსამართლე, პროკურორი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს და ზუსტად იმ მუხლით , რითაც გვასამართლებენ, ორგანიზებული დანაშაულით, დაისჯებიან. ეს მოხდება ასე“, – ონისე ცხადაძემ მოსამართლეს მიმართა. მან ასევე მოსამართლეს უთხრა, რომ ხშირად უყუროს საკუთარ ვიდეოებს, რათა “საკუთარი თავი შეზიზღდეს”. მოსამართლემ ამ რეპლიკის პასუხად მას წესიერი ქცევისკენ მოუწოდა.
“მათე ძლიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, რამდენი ხანიც მოუწევს საპატიმროში ყოფნა, იქნება ძლიერად და მხნედ. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რომელიც წყვეტს ადამიანების ბედს. ეს სასამართლო სისტემა შეიქმნა წინა მთავრობის დროს, გადასარევად გვახსოვს რა ხდებოდა წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ადამიანებს და იმის ნაცვლად რომ ეს სისტემა შეეცვალათ, ამაზე ემუშავათ, სახელები და გვარებიც კი არ შეუცვლიათ. ეს ძალიან ცუდია სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში ადამიანისთვის. თუ სასამართლო არ იქნება ობიექტური, არაფერი არ იქნება ობიექტური და ქვეყანაში იქნება სულ არეულობა. ამიტომ მე მგონია რომ დღევანდელ დღეს ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები” – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ანდრო ჭიჭინაძემ.
28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით საკუთარ სახლში 4 დეკემბერს დააკავეს.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფორუმი