ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის 24-ე შტატად გამოაცხადა მეზობელი გაიანის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონი ესეკიბო. მადურომ პარლამენტს მიმართა, კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს და სახელმწიფო ნავთობკომპანიას დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს ლიცენზიების გაცემა ესეკიბოში ნავთობის და გაზის მოსაპოვებლად, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც რეგიონში უკვე მუშაობენ, საქმიანობის შესაწყვეტად 3 თვე მისცა.
ვენესუელის ხელისუფლებამ 3 დეკემბერს ჩაატარა სადავო რეფერენდუმი ესეკიბოს შეერთების საკითხზე, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 95%-მა.
ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის, გაიანის ხელისუფლებამ რეფერენდუმს ანექსიის მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ თუ ვენესუელა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ესეკიბოს გაიანის სახმელეთო ტერიტორიის ორი მესამედი უჭირავს და იქ 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაიანის მოსახლეობა სულ 800 ათასია.
ვენესუელა, რომელიც დიდი ხანია ესეკიბოზე პრეტენზიას აცხადებს, განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს კომპანია ExxonMobil-მა რეგიონში აღმოაჩინა ნავთობით მდიდარი საბადოები.
გაიანამ და ვენესუელამ 1966 წელს ჟენევაში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც გაიანა გახდა ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში ბრიტანეთის სამართალმემკვიდრე. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გაიანა ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ ესეკიბო გაიანის ნაწილად აღიარა.
არსებობს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ ვენესუელამ არ უნდა მიმართოს ქმედებებს, რომლებიც სადავოს გახდის ამ რეგიონზე გაიანის კონტროლს, თუმცა კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარება არ აუკრძალავს.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებსაც აღიარებული აქვთ საქართველოს ორი ნაწილის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.