ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ლელო“ პენსიონერებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდება.
2024 წლის ბიუჯეტით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებებში — 380 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში – თითქმის 500 ლარი ლარი.
„ლელო“ პენსიების დიფერენცირებას არ ემხრობა და მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ყველა პენსიონერისთვის 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა.
„რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ერთ წელიწადში — 1000 ლარამდე 2024 წელს ვერ გავალთ, მაგრამ პოლიტიკური ნებისა, ბიუჯეტის სწორად გათვლისა და კორუფციული მომენტების მოხსნის შემთხვევაში, ეტაპობრივად შესაძლებელია“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ვატო სურგულაძემ.
„ლელოს“ გათვლით, 2024 წელსვე შესაძლებელი იყო პენსიების დამატებით 200 ლარით ზრდა ბიუჯეტიდან ორ მილიარდამდე თანხის გამოთავისუფლებით შემდეგი ღონისძიებებით:
· ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამებიდან 1 მილიარდი ლარის გამოთავისუფლება;
· დასაქმების პროგრამებიდან და შტატგარეშე თანამშრომლების 80%-იანი შემცირების შედეგად 500 მილიონ ლარის გამოთავისუფლება;
· სათამაშო ბიზნესის დაბეგვრიდან დამატებით 400 მილიონის მიღება.
თუმცა, 2 მილიარდამდე გამოთავისუფლებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმარისი არ არის პენსიების 1000 ლარამდე გასაზრდელად, რასაც მთლიანობაში დაახლოებით 10 მილიარდი ლარი სჭირდება. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, 835 400 ათასი პენსიონერის (საბაზისო მაჩვენებელი) საპენსიო ანაზღაურებაზე დაახლოებით 4 მლრდ ლარი მიემართება.
დანარჩენი თანხების მობილიზება, ლელოს აზრით, შესაძლებელი გახდება ანაკლიის პორტის და მსგავსი მეგა პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში. „ლელო“ ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში 4-წლიან საარჩევნო ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის გაორმაგება რეალისტურია.
„კანდიდატის სტატუსის მიღება მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ ახალი პროგრამები, დაფინანსებები და ინვესტიციები, რაც გაათავისუფლებს სახელმწიფო ბიუჯეტს. ბიუროკრატიის შემცირება, კორუფციის აღმოფხვრა, ინვესტიციების მოზიდვა, მეგა პროექტების განხორციელება საშუალებას მოგვცემს, 2026-27 წლისთვის ბიუჯეტი გახდეს 60 მილიარდი. ეს შესაძლებელია, თუ იქნება პოლიტიკური ნება“, — განაცხადა ვატო სურგულაძემ.
