ლევან ხაბეიშვილი – „ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი – ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი იქნება, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის არასდროს გასვლია და ეჭვი მაქვს, არც ახლა გაუვა

თავისი ქმედებით, დასავლეთსა და ევროპას ეუბნება, რომ ის საქართველოს აკონტროლებს, “არ გჯერათ? გაჩვენებთ! კანონი, რომელიც თქვენი ოჯახის წევრობისთვის შემაფერხებელია, იმას მივაღებინებ, აი, განახებთ!” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
მისივე თქმით, ივანიშვილი და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს.
„ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი. ხალხს დაჰპირდნენ, რომ აღარ შემოიტანდნენ ამ კანონს, მაგრამ შემოიტანეს. ამ კანონს არცერთი ადამიანისთვის არ მოაქვს სიკეთე. ერთი ადამიანიც არ მოიძებნება, ვისთვის სიკეთის მომტანი იქნება, სამაგიეროდ, ევროკავშირის გზაზე არის შემაფერხებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე კანონი გაიწვიონ, ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა რამდენიმე თვის თავზე მშვიდად გააკეთონ არჩევანი. ამას თუ არ გააკეთებს, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი იქნება. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ მათ მიიღეს დავალება. აფხაზეთში თებერვალში იგივე დაავალეს რუსებმა, იმავე კანონის მიღება. რამდენიმე კვირაში შემოიტანეს ხელმეორედ საქართველოში, ასეთი დამთხვევები ხომ არ ხდება?! ამ ქმედებით, რუსეთი ეუბნება დასავლეთსა და ევროპას, რომ საქართველოს აკონტროლებს ის, “არ გჯერათ? გაჩვენებთ! კანონი, რომელიც თქვენი ოჯახის წევრობისთვის შემაფერხებელია, იმას მივაღებინებ საქართველოს, აი, განახებთ!”
წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება. ესენი არიან ყველაფერზე ხელის მომწერები, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის არასდროს გასვლია და ეჭვი მაქვს არც ახლა გაუვა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს