ლევან ხაბეიშვილი – მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ შავით თეთრზე წერია. ასევე, მოხსენიებულია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდეს და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს, რათა ხალხმა გადაწყვიტოს თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს.
„ივანიშვილის მთავარი საზრუნავი, 12 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა უნდა ყოფილიყო. მას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეს ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გაქცევა არ უწევდეს. მხოლოდ საკუთარი თავს უქმნის ეკონომიკურ დოვლათს. მან გადაწყვიტა, რომ მთელი მისი მოღვაწეობა პოლიტიკური დევნისთვის დაეთმო. პირდაპირ ვთქვათ, ქვეყნის მთავარი ინვესტორი, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, გამოკეტილია ციხეში.
ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე.
შესაბამისად, ჩვენ, ამ შემთხვევაში, მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს – ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, რომ ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები. მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს. მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა მისი ხალხის კეთილდღეობისთვის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ