ლევან ცუცქირიძე: როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ

ლევან ცუცქირიძე, თავისუფლების მოედანი:
“რამდენიმე დღის წინ გია ვოლსკიმ “მოედნის” გარდამავალი ეტაპის
პროგრამაზე საუბრისას თქვა, ბოლოს და ბოლოს როდის ვისაუბროთ განათლება როგორ გავაუმჯობესოთ ან სოფლის მეურნეობაო.
ახლა ირაკლი კობახიძემ დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა, პოლიტიკური კულტურა ევროპელებს დაუწუნა და ასე თქვა, საქართველოში დებატები უნდა დავაბრუნოთო.
ჩვენ კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ივანიშვილის პარტიის ენაზე “დებატი” – ესაა ოპონენტებისა და თანამოქალეების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ქიმიური იარაღის გამოყენება, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ციხეში გამოკეტვა.
მაგრამ კი ბატონო, თუ მართლა გსურთ დებატები, დავსხდეთ ნებისმიერ პლატფორმაზე.
თქვენ მოგიწევთ უპასუხოთ იმას, თუ რატომ გამოიყენეთ ქიმიური იარაღი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ და რატომ ჰყავს ქვეყანას ამდენი პოლიტპატიმარი.
თქვენ აუცილებლად მოგიწევთ იმის მოსმენა, თუ როგორ ანადგურებთ განათლების სისტემას – “რეფორმის” სახელით. როგორ იცლება ხალხისგან და როგორ ნადგურდება ძირძველი ქართული სოფლები იმ კორუფციის, სიღატაკის და უიმედობის გამო, რომელიც თქვენი პარტიის მმართველობისას გამეფდა.
სტაბილურობაზე გინდათ ლაპარაკი? მოგიწევთ იმის აღიარება, რომ თქვენ მიერ შექმნილი მმართველობა ადამიანის ჩაგვრაზე, წამებაზე, დაშინებასა და დამცირებაზე დგას; რომ ჩამოაცილეთ ამ ქვეყანას ყველა ძლიერი პარტნიორი და მარტო დატოვეთ რუსეთის წინააღმდეგ;
დემოკრატიაზე გსურთ მსჯელობა? მოგიწევთ განმარტებები იმაზე, თუ რატომ ახშობთ განსხვავებულ აზრს, კრძალავთ სამოქალაქო ორგანიზაციებს და აპატიმრებთ ჟურნალისტებს.
მზად ხართ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ გახადეთ ქართული ჯარი მთელ რეგიონში ყველაზე დაბალი ბიუჯეტის მქონე არმიად? როგორ გაუშვით საუკეთესო დიპლომატები, ოფიცრები და საჯარო მოხელეები სამსახურებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს დანაშაულებრივ ქმედებებს არ ეთანხმებოდნენ?
მოგიწევთ ახსნათ, რატომ არ იმჩნევდით ხალხის მასშტაბურ ძარცვასა და კორუფციას მანამ, სანამ ერთმანეთში ვეღარ გაიყავით ჩვენთვის მოპარული ფული და ხალხისთვის წართმეული ძალაუფლება.
“მოედანი” შეიქმნა, როგორც აგორა – ღია სივრცე თავისუფალი ადამიანების პოლიტიკური ორგანიზებისა და მსჯელობისთვის. როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ”.