„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე:
გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ივანიშვილის პარტია თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია და მისი მთავარი ამოცანა ხალხის ძარცვაა. “ქართული ოცნება” ვერასოდეს შეიცვლება და არასოდეს გახდება სხვანაირი. ამიტომ, ის სრულად უნდა ჩამოსცილდეს მმართველობას, დამნაშავეები სამართლიანი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგენენ და ქვეყანამ შვებით ამოისუნთქოს.
ალბათ “ოცნების” ყველაზე ერთგული მხარდამჭერებიც კი არ დაიჯერებენ, რომ ლილუაშვილის სავარაუდო კორუფცია ახლა აღმოაჩინეს და აქამდე არავინ არაფერი იცოდა. კორუფცია მხოლოდ უშუალოდ ფულის აღებაც არაა. კორუფციაა, როდესაც პარლამენტი, მისი წევრები და თავმჯდომარეები წლების განმავლობაში არაფერს აკეთებდნენ აღმასრულებლის საკონტროლებლად; კორუფციაა, როდესაც სხვა შესაბამისი უწყებები თვალს ხუჭავდნენ ამ ყველაფერზე და არ აკეთებდნენ საკუთარ საქმეს. ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ კორუფციის ამოძირკვა სურს ვინმეს, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთს ებრძვიან.
“ოცნებას” სულ არ აინტერესებს ქართველი ხალხი და მისი მომავალი. ის თავს ეროვნული ფასეულობების დამცველად ასაღებს, მაგრამ კორუფცია, ადამიანების წამება, ოკუპანტების წინაშე თავის მოხრა, გაჭირვებული ხალხის ძარცვა, ქვეყნის მიწა-წყლის გაყიდვა და ერთმანეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმა ვერასოდეს იქნება ჩვენი იდენტობის ნაწილი.
ჩვენ ძლიერი ერი ვართ და გვაქვს უნარი შევქმნათ ბევრად უკეთესი პოლიტიკური ალტერნატივა. ერთობლივი ბრძოლით ეს სამარცხვინო პარტია წარსულს უნდა ჩავაბაროთ და შევუდგეთ ძლიერი, სამართლიანი და ღირსეული სახელმწიფოს მშენებლობას, ისე, როგორც ჩვენს ხალხს, ისტორიას და ფასეულობებს შეეფერება.




