აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის საქმიანობა გამორჩეული იყო როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით. გასული წლის საქმიანობა ემსახურებოდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას, დროებით დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობას, ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პოლიტიკისა და შერიგების პროცესის გაძლიერებას, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში, აფხაზეთის მთავრობის მიერ 2024 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ლევან მგალობლიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთის მთავრობაში შემავალი სამინისტროების მიერ დროებით დევნილი მოქალაქეებისთვის განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
მოხსენების შემდეგ, ლევან მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტებზე, მთავრობის სამოქმედო გეგმასა და ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივებზე ისაუბრა. ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩვენი გუნდის ძირითად სამოქმედო მიზანს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების ინსტიტუციური გაძლიერება და დევნილ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გამჭვირვალე ბიუჯეტის შექმნა წარმოადგენს.
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ვაშენებთ ნდობას და მტკიცედ გვწამს, რომ შერიგება და ერთობა ჩვენი საერთო მომავლის საფუძველია. სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ეს არის გზა, რომლითაც ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
„უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
