ლევან მახაშვილი – არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ, გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში, საქართველო პაიკის როლში ჩავაყენოთ, რომელსაც ნებისმიერ ფასად გაწირავენ – ეს იყო გასული სამი წლის ჩვენი პოლიტიკა

ჩვენ არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ, რომ საქართველო ჩავაყენოთ გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში პაიკის როლში, რომელსაც გაწირავენ ნებისმიერ ფასად მაშინ, როდესაც უნდათ – ეს იყო გასული სამი წლის ჩვენი პოლიტიკა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ბევრისთვის იყო რუსეთზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ეს კატეგორიულად მიუღებელია.
„ფაქტია უკვე, რომ საქართველო ბევრისთვის იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გასაგებია რატომაც და როგორ, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს გადმოსახედიდან ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ, რომ საქართველო ჩავაყენოთ გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში პაიკის როლში, რომელსაც გაწირავენ ნებისმიერ ფასად მაშინ, როდესაც უნდათ. ეს იყო ჩვენი გასული სამი წლის პოლიტიკა…
პრაქტიკაში სამჯერ გვაქვს ნანახი, რა მოხდა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბ, რუსეთთან ესკალაცია დავიწყეთ გაუმართლებლად, თორემ ჩვენ ჩვენი ომი ნაომარი გვაქვს. თუ დადგება ამის საჭიროება აუცილებლად დავდგებით წინა ხაზზე, თუმცა პოლიტიკოსების მთავარი არსი სწორედ ის არის, რომ ამ ტრაგიკულ სიტუაციამდე არ მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, დიპლომატიამ იმუშაოს და ამ ტიპის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა თავიდან აგვარიდოს ის ტრაგედიები, რაც ამ ქვეყანას არა ერთხელ ახსოვს“, – განაცხადა მახაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები არის „ნულის ტოლფასი, არც მეტი არც ნაკლები“.
„სამწუხაროდ, ეს ქვეყნები იგივე შეცდომას იმეორებენ, რასაც გასულო სამი წლის განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენ, ხვალ თუ ზეგ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ჩვენ მოვუწოდებდით ამ ადამიანებს, რომ ისეთი ნაბიჯები არ გადადგან, ქართველ ხალხთან უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდეთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი
საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისის ცნობით, „ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ“.
გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა.
„ლატვიის პერსონა ნონ გრატათა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, – წერს ბრაჟე.