ლევან დავითაშვილი – კანონპროექტის შინაარსი საზოგადოებრივ ინტერესებს პასუხობს – ეს არის ანგარიშგება, გამჭვირვალობა და მაქსიმალური ანგარიშვალდებულება

კანონპროექტის შინაარსი არის ანგარიშგება, გამჭვირვალობა, მაქსიმალური ანგარიშვალდებულება, რომელიც არ არსებობდა. იარლიყზე არ ვთანხმდებით! – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებულ კითხვას: „მოსწონს, თუ არა, რომ უცხოური ძალის გამტარი ორგანიზაცია დაერქვას და ეს იარლიყი ჰქონდეს ყველას, ვისი შემოსავალიც წლიურად 20%-ზე მეტი იქნება“.
დავითაშვილის თქმით, კანონპროექტის შინაარსი საზოგადოებრივ ინტერესებს პასუხობს.
„ვფიქრობ, რომ (კანონპროექტის) შინაარსი არის ძალიან ცალსახა, რომელზეც არ მგონია, რომ საზოგადოების რომელიმე ჯგუფს შეიძლება კითხვა ჰქონდეს, თუ მას რაიმე დასამალი არ აქვს. საზოგადოებრივ ინტერესებს ეს შინაარსი პასუხობს, ამ კანონის ამოცანა პასუხობს. რაც შეეხება სათაურს, სათაურზე შეიძლება სხვადასხვა ვერსია, სხვადასხვა აზრი არსებობდეს, თუმცა თუ მნიშვნელოვანი შემოსავლები კონკრეტული ქვეყნიდან არის, რა თქმა უნდა, ეს თავის თავში მოიაზრებს, რომ გარკვეულწილად ეს ორგანიზაცია ატარებს ამ ქვეყნის ინტერესებს. ამ შემთხვევაში, პასუხი ცალსახაა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მანამდე მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დეკლარაციაში კონკრეტული ინფორმაციის არმითითებას ეხებოდა.
„ცალსახა პოზიციაა „ქართული ოცნების“ და ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ პოზიციას გაიზიარებს, რომ გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს იყოს კონკრეტული ორგანიზაციებისთვის და ზოგიერთი ორგანიზაციისთვის ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ არსებობდეს. რაც შეეხება თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, ეს კანონმდებლობით მკაფიოდ არის განსაზღვრული. ვფიქრობ , ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტია დღეს, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც თანამდებობის პირების მხრიდან საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას ითხოვს, ეს გამოიხატება თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც ძალიან დეტალურია, სხვათა შორის საჯაროდ ხელმისაწვდომია, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია, რაც ბევრ ქვეყანაში ასე არ არის. ეს ყველაფერი არის თანამდებობის პირის ვალდებულება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირი დეკლარაციის მხრივ ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები და სანქციები, არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც ვალდებულება აქვს შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს.
„ასე რომ, კონკრეტული თანამდებობის პირის ვალდებულება ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუმცა მკაფიოდ განსაზღვრული არ არის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ვალდებულებები. ამ შემთხვევაში, გეტყვით,რომ მაგალითად, USAD-ს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი და ის ცალსახად, თავის კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტნიორებს სთხოვს, რომ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია იყოს საჯარო“, – განაცხადა დავითაშვილმა და იქვე აღნიშნა: „არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა წყაროდან ფინანსდებიან და რომელზეც საზოგადოებას შეიძლება ინფორმაცია არ ჰქონდეს და საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს მოტივაცია ამა თუ იმ ორგანიზაციის კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ. მაგალითად გეტყვით, რომ ეკონომიკურ სფეროში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გარკვეულმა ორგანიზაციებმა ისეთი ამოცანები შეასრულონ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს.
ასე რომ, აქ არის ძალიან ცალსახა მარტივი სტანდარტი, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ფინანსების წარმომავლობის შესახებ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნითი პანელი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა დაკავშირებადობის გაძლიერება ევროპული მიმართულებით და შუა დერეფნის როლის გაძლიერება

EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კავკასიაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – თუ ეს კანონი დააზიანებს ჩვენს მიდგომას, ამას მომავალში ვნახავთ – ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და გვექნება გზამკვლევი