ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნითი პანელი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა დაკავშირებადობის გაძლიერება ევროპული მიმართულებით და შუა დერეფნის როლის გაძლიერება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნითი პანელი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა დაკავშირებადობის გაძლიერება ევროპული მიმართულებით და შუა დერეფნის როლის გაძლიერება განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
როგორც გუნცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები გაგრძელდება სხვადასხვა ღონისძიებით და სემინარები მიძღვნილი იქნება ისეთ თემატიკებზე, როგორც ეკონომიკური განვითარების და მწვანე დღის წესრიგი მიმართულებაა.
მისივე თქმით, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრების მთავარი გახსნითი შეხვედრა იმართება 4 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ხოლო წლიური შეხვედრა, მთავარი ბიზნეს სესია, 5 მაისს.
„როგორც იცით, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობის საკითხი საკმაოდ ბევრი წლის წინ გადაწყდა და კოვიდპანდემიიდან გამომდინარე გადმოინაცვლა 2024 წელს. დღეს ბედნიერები ვართ, რომ ოფიციალური ნაწილი პრაქტიკულად დაწყებულია, შეხვედრების პირველი დღე გაიხსნა ქართული თემატიკისადმი მიძღვნილი სემინარების დღით. ADB-ის წლიური შეხვედრების ტრადიციის ფარგლებში ასე ხდება ხოლმე. დღეს გვაქვს 4 სხვადასხვა პანელი ქართულ თემატიკასთან დაკავშირებით. პირველი გახსნითი პანელი, რომელზეც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თავად აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა დაკავშირებადობის გაძლიერება ევროპული მიმართულებით, მაგალითად, შავი ზღვის გადამცემი კაბელი; ასევე, ელექტროენერგიის მიმართულებით ციფრული კაბელი და შუა დერეფნის როლის გაძლიერება განსაკუთრებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. გვყავდა საკმაოდ საინტერესო პანელისტები როგორც რეგიონის ქვეყნების მინისტრების სახით, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების სახით, რომელთაც ისაუბრეს შუა დერეფნის და ევროპული დაკავშირებადობის ამჟამინდელ გამოწვევებსა და გეგმებზე“,- განაცხადა გუნცაძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნა. შეხვედრები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 5 მაისს დაიხურება.

ასევე დაგაინტერესებთ