ობიექტურად, დღეს საქართველოს უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს იმ ეკონომიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს – პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს ასევე გააჩნიათ ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით, ეკონომიკური პროცესების მიმართ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე – პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, რეიტინგების გასაუმჯობესებლად, სარეიტინგო კომპანიებთან უფრო მჭიდრო მუშაობაა საჭირო.
„აქ პასუხისმგებლობა მგონი, რომ თანაბარწილად ეკუთვნის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს და არამხოლოდ ხელისუფლებას. ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ყოველთვის ადასტურებს, ჩვენ არასდროს გავურბივართ, თუმცა ასევე არ არსებობს ცალმხრივად პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს ასევე გააჩნიათ ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით, ეკონომიკური პროცესების მიმართ, ამაზე ხშირად ვსაუბრობდი. ეს საბოტაჟი და საბოტაჟის მცდელობა, ხშირ შემთხვევაში გარკვეული პრეზენტაციების, ეკონომიკური პროცესების, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, ამას მე არასდროს ვმალავ. ეს პასუხისმგებლობა მკაფიოდ უნდა განისაზღვროს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში საერთო სურათს ვერანაირად ვერ შეცვლის, ჩვენ გვექნება მდგრადი განვითარება, იმიტომ, რომ ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები, საკმაოდ ჯანსაღია საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოს ეკონომიკას გარკვეული მდგრადობა გააჩნია და ეს რეიტინგებშიცაა აღნიშნული. ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ დღეს საქართველოს უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს იმ ეკონომიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს. თუმცა გარდა შიდაპოლიტიკური რისკებისა, ასევე არსებობს გარე პოლიტიკური რისკები, რეგიონული პოლიტიკური რისკები, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ბევრი რამ დამოკიდებულია საერთაშორისო პროცესებზე. საქართველო გახსნილი ეკონომიკაა. ამის მიუხედავად ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარეიტინგო კომპანიებთან უფრო მჭიდრო მუშაობით უნდა შევძლოთ რეიტინგების გაუმჯობესება, იმიტომ, რომ ობიექტურად საქართველოს კიდევ უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ იმ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ და როგორი გარემო ფაქტორებიც არსებობს, საქართველო მაინც ინარჩუნებს თავის სტაბილურ რეიტინგს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
