16 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი დოლართან 0.0457 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7323 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 16 მაისის ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9577 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0572 ლარით მეტია.
ამასთან, დღეს 15 მაისს რეკორდულად დაეცა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული მსხვილი ბიზნესკომპანიების აქციების ღირებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება ამ კომპანიების ღირებულების ფასიც.
· თიბისი ბანკის ჯგუფის ერთი აქციის ღირებულება 15 მაისს, ვაჭრობის დაწყების შემდეგ 10.68 პროცენტითაა შემცირებული (14:07 საათის მდგომარეობით).
· საქართველოს ბანკის ერთი აქციის ღირებულება – 14.94 პროცენტითაა შემცირებული.
· საქართველოს კაპიტალის ერთი აქციის ღირებულება 8.33 პროცენტით დაეცა.
პარლამენტმა მე-3 და საბოლოო მოსმენით რუსული კანონი გუშინ, 14 მაისს მიიღო. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ფინანსური ინსტიტუციები, ისეთი როგორიცაა EBRD ქვეყანას კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებდნენ. პრეზიდენტი აპირებს ვეტო დაადოს “ოცნების” კანონს, თუმცა მმართველ გუნდს აქვს საკმარისი ხმები მის დასაძლევად.