ლარის სტაბილურობისთვის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა $98.3 მილიონი დახარჯა

ლარის სტაბილურობისთვის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა $98.3 მილიონი დახარჯა
ოქტომბერში სავალუტო ინტერვენციების გარდა, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს ვალუტა BMatch პლატფორმითაც მიაწოდა.
სებ-ის დეკემბრის თვის მიმოხილვის თანახმად, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 2 სავალუტო აუქციონის მეშვეობით 84.9 მლნ დოლარი მიაწოდა, BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით კი, ამავე პერიოდში ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 13.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 182.2 მლნ ლარით (2.6%) შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 6.8 მლრდ ლარი შეადგინა. მონეტარული ბაზა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით წინა თვესთან შედარებით, 106.6 მლნ ლარით (1.6%-ით) გაიზარდა.
საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 59.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა 84.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა ოქტომბრის განმავლობაში 13.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 157.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ოქტომბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 149.7 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 729.7 მლნ ლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.
ლარის კურსის მერყეობის გამო, სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ სავალუტო აუქციონებით 149.65 მლნ დოლარი გაყიდა.