შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჰენრიკ ლანდერჰოლმი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს კრემლის მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა იღბალი ევროპის სხვა ქვეყნებშიც სცადოს.
რუსეთზე საუბრისას, ლანდერჰოლმი ამბობს, რომ ყოველთვის ტრაგიკულად მიაჩნდა ის, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული სტაბილური და მდიდარი მეზობლების ყოლით.
“მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ურჩევნია ჰყავდეს მდიდარი, მშვიდობიანი და სტაბილური მეზობლები. ეს არის შვედეთის პოზიცია. ასეთია ქვეყნების უმეტესობის პოზიცია. Მაგრამ რაღაც უცნაური მიზეზის გამო, რუსეთს საპირისპირო აზრი აქვს. ის უპირატესობას ანიჭებს სუსტ და არასტაბილურ მეზობლებს, რომ მათზე გავლენის მოხდენა და დომინაცია შეძლოს. ვფიქრობ, ეს სრულიად უსარგებლო და არასწორი აღქმაა იმისა, თუ როგორ მუშაობს სამყარო. რუსეთი უფრო მდიდარი, აყვავებული და მშვიდობიანი იქნებოდა, თუ მას მეზობლების მიმართ უფრო დიდსულოვანი და ნაკლებად დომინანტური მიდგომა ექნებოდა. ეს კი, იმედი მაქვს, ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
საქართველოზე საუბრისას ლანდერჰოლმმა თქვა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემა ბრიუსელის მიერ გადადგმული “აბსოლუტურად აუცილებელი” ნაბიჯი იყო. თუმცა, მან დასძინა, რომ ეკონომიკური ბლოკისკენ მიმავალ გზაზე გასაკეთებელი ჯერ ბევრია და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში.
“საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის. ეს გასაღები თბილისშია. ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნა აბსოლუტურად აუცილებელი იყო. საბოლოო მიზნის მისაღწევად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართველების იმედისთვის ახალი ძალის მისაცემად, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველოა, ქვეყნისთვის არის სხვა შესაძლებლობებიც გარდა იმ მცდარი აზრისა, რომ საქართველოს მომავალი რუსეთთან ახლო თანამშრომლობაა. ევროკავშირის მხრიდან ეს იყო როგორც პოლიტიკურად, ისე რეალურად აუცილებელი ნაბიჯი”, თქვა შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა.
მისივე თქმით, “ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან ბევრ პირობაზეა დაფუძნებული და საქართველოს მხრიდან ამ ძალისხმევაში წარმატების მიღწევა, უდიდესი წილით, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ქვეყანამ ეს პროცესი წარმატებით უნდა გაიაროს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან არასასიამოვნო იყოს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის დაწინაურებას კი ვერ ვხედავ, სანამ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება”.
იმაზე, თუ რას გულისხმობდა ის “უკრაინის საკითხში” – ომისდასრულებას თუ ნატოში გაწევრიანებას, მან თქვა, რომ “ეს საკითხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ჩემი მოლოდინია”.
ლანდერჰოლმთან სრული ინტერვიუ ნახეთ აქ.