ოზურგეთში, დაბა ლაითურის ციხეში ქალი პატიმრებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ბრძანებას “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ხელი გუშინ, 8 ოქტომბერს მოაწერა.
სალიას ხელმოწერით, ცვლილებები შევიდა №1 პენიტენციური დაწესებულების [ლაითურის ციხის] დებულების დამტკიცების შესახებ წინა მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებაში. თუ აქამდე არ იყო დაკონკრეტებული ბრალდებულებისა ადა მჯავრდებულების სქესი, ახალ ბრძანებაში წერია, რომ “დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, მათ შორის, ქალი ბრალდებულები, რომლებსაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილნი არიან პენიტენციური კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად”.
აქამდე ლაითურის ციხე იყოფოდა ხუთ ნაწილად – პატიმრობის, დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად. ამიერიდან, დაწესებულების ტერიტორიაზე გამოიყოფა კიდევ ერთი, მე-6 სივრცე – ქალთა სპეციალურ ნაწილი.
ცვლილების შემდეგ, ლაითურის ციხის დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანებას დაემატა მე-4 მუხლი, რომლის მსგავსი შინაარსის მუხლი წინა ბრძანებაში საერთოდ არ მოიძებნება.
“დაწესებულების ქალთა სპეციალურ ნაწილში თავსდება ქალი მსჯავრდებული, რომელსაც სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა ან მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი და მასზე ვრცელდება სამსახურის №5 პენიტენციური დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული ქალი მსჯავრდებულისთვის დადგენილი ნორმები, თუ პენიტენციური კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ქალი ბრალდებული თავსდება დაწესებულების ქალთა სპეციალურ ნაწილში, სპეციალურ საკანში, მსჯავრდებულებისგან განცალკევებით და მასზე ვრცელდება ქალი ბრალდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები და თავისებურებები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აქამდე საქართველოში ქალი პატიმრებისთვის, როგორც ბრალდებულების, ისე მსჯავრდებულებისთვის, მხოლოდ ერთი ციხე არსებობდა – რუსთავის მე-5 დაწესებულება. ნეტგაზეთი დაინტერესდა, რის საფუძველზე ამატებს პენიტენციური სამსახური ქალებისთვის ახალ სივრცეს ლაითურში. იუსტიციის სამინისტროში ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდნენ. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა სახალხო დამცველსაც კითხვით – ჰქონდა თუ არა სამინისტროს კომუნიკაცია მათთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ან იცოდნენ თუ არა ის საფუძვლები, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, ომბუდსმენის აპარატში გვითხრეს, რომ ლაითურში ქალთა სპეციალური ნაწილის გახსნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ლაითურის ციხე 2023 წლის ნოემბერში, მაშინდელმა მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გახსნა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ის მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.
