კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან შეხვედრას ითხოვენ

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კულტურის მინისტრ, თინათინ რუხაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ხელოვანებს სურთ, პირადად რუხაძისგან მოისმინონ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაათავისუფლეს დავით დოიაშვილი თანამდებობიდან.
კალატოზიშვილის შეფასებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„თიკა რუხაძე ერთხელაც არ დაინტერესებულა, არ მოსულა სასამართლოზე და არ უნახავს მისი სფეროს წარმომადგენელი რომ უსამართლოდ ისჯება და უკანონო ტყვეობაში იმყოფება. მე ყველა ფორმით ვეცადე, რომ მის ეგოზე მემოქმედა. ხან ვეძახე, რომ „ლეგიტიმური ხარ“, ხან „მინისტრი ხარ“ და ყველაფერი ვეცადე, რომ სასამართლოში სპექტაკლზე დამეპატიჟებინა. უნდა ენახა ძალიან ცუდი სპექტაკლი, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ როლში ანდრო ჭიჭინაძე იქნებოდა. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის უსამართლო და იმის გამბედაობაც არ ჰყოფნის, რომ გამოვიდეს, შეგვხვდეს და დაგველაპარაკოს. ჩემი ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ გამოვიდეს თიკა რუხაძე ან ჩვენ მიგვიღოს და დაგველაპარაკოს. დაველაპარაკებით ჩვენ მას და უფრო ნათლად ავუხსნით რამდენად უსამართლოა მისი ქმედება მიუხედავად იმისა, რომ მან ეს ყველაფერი იცის.
„ახალი თეატრი“ არის დოიაშვილი. მის გარეშე ახალი თეატრი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ ვიდგებით დოის გვერდით, დოისთან ერთად სოლიდარულები. შევხვდებით თეატრში დოისთან და ანდროსთან ერთად!“, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო “სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.