აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოBrendan Smialowski/Pool/AFP/Gettyაშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კრიტიკული მინერალების წარმოებასა და უსაფრთხოებაზე პარტნიორობის შესახებ. ეს დასავლელი მოკავშირეების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, შეასუსტონ ჩინეთის კონტროლი იმ ნივთიერებებზე, რომლებიც გადამწყვეტია მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის.
რუბიოს თავის გამოსვლაში ჩინეთი არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ ბრიუსელთან გაფორმებული წინასწარი შეთანხმება ასახავს დასავლელი მოკავშირეების მზარდ შეგნებას იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვები და კრიტიკული მინერალები მათი ეკონომიკური წარმატებისთვის.
ჩინეთი მრავალი მინერალის გადამუშავებაზე საკუთარ მონოპოლიას იყენებს, როგორც გეოეკონომიკურ ბერკეტს – დროდადრო ზღუდავს ექსპორტს, ხელოვნურად აქვეითებს ფასებს და ძირს უთხრის სხვა ქვეყნების შესაძლებლობას, მოახდინონ იმ მასალების წყაროთა დივერსიფიკაცია, რომლებიც ნახევარგამტარების, ელექტრომობილებისა და თანამედროვე იარაღის დასამზადებლად გამოიყენება – წერს Reuters.
“ამ რესურსების ჭარბი კონცენტრაცია და ის ფაქტი, რომ მათში ერთი ან ორი ადგილი დომინირებს, მიუღებელი რისკია. ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვნება ჩვენს მიწოდების ჯაჭვებში”, – თქვა რუბიომ მემორანდუმის ხელმოწერამდე.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯეიმისონ გრირმა, რომელიც დღეს, 24 აპრილს შეფჩოვიჩს ცალკე შეხვდება, გამოაცხადა დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმა კრიტიკულ მინერალებზე სავაჭრო პოლიტიკის კოორდინაციისთვის. მიზანია პასუხი გაეცეს იმას, რასაც მათ უწოდეს “არასაბაზრო პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელმაც დაამახინჯა კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვები”.
შეფჩოვიჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმებები გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ერთობლივი მიზნების უფრო სწრაფად მიღწევას: “სრულად ვეთანხმები სახელმწიფო მდივან რუბიოს, რომ ახლა ნამდვილი გამოცდა ამ პროექტის აღსრულება იქნება. როგორ შევძლებთ ამ შეთანხმებების გარდაქმნას კონკრეტულ, ხელშესახებ პროექტებად ჩვენი ბიზნესოპერატორებისთვის?”.
ვაშინგტონმა და ბრიუსელმა სამოქმედო გეგმის შემუშავების განზრახვა პირველად თებერვალში დააანონსეს, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა წარადგინა გეგმა კრიტიკული მინერალებისთვის პრეფერენციული სავაჭრო ბლოკის შექმნის შესახებ. ვაშინგტონს მსგავსი დოკუმენტები უკვე გაფორმებული აქვს იაპონიასთან და მექსიკასთან.
აშშ-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ აუცილებელია რეაგირება “ყოვლისმომცველ არასაბაზრო პოლიტიკაზე, რამაც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების მიწოდების ჯაჭვები მოწყვლადი გახადა მრავალი შეფერხების, მათ შორის ეკონომიკური იძულების მიმართ”.
გეგმის თანახმად, გრძელვადიანი ხედვა გულისხმობს მრავალმხრივი ინიციატივის განვითარებას თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რაც გაზრდის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას ყველასთვის.