აშშ-ის მოქალაქე კალობ ბაიერსის სწრაფი გათავისუფლება სხვათა შორის დაკავშირებულია რიადში რუსეთსა და აშშ-ს შორის მომავალი მოლაპარაკებების მოლოდინთან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, მისი სიტყვები ტასს მოჰყავს. ბაიერსი მანამდე მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს, მას ბარგში კანაბინოიდების შემცველი მარმელადი აღმოუჩინეს.
„მოველით, რომ სამშაბათს შევძლებთ ვისაუბროთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენაზე. შესაბამისად, ესა თუ ის მოვლენები შეიძლება ამ კონტექსტში იქნეს განხილული,“ განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე.
28 წლის კალობ ბაიერსი 1 თებერვალს დააკავეს ვნუკოვოში, სტამბოლიდან მოსკოვში ჩასვლისას. საბაჟო კონტროლში მომსახურე ძაღლმა ბაიერსის ბარგში ნარკოტიკების შესაძლო არსებობაზე მიუთითა. ამის შემდეგ ბაიერსის ჩემოდნის შემოწმების შედეგად მასში იპოვეს შეფუთული მარმელადი, რომელიც შეიცავდა კანაბინოიდებს – კანაფის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტებს. ისინი დაშვებულია აშშ-ში და აკრძალულია რუსეთში. ბაიერსის მშობლებმა თქვეს, რომ მათი შვილი ამ ტკბილეულს იღებს ეპილეფსიური კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ.
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ბაიერსს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 17 თებერვალს ის მოულოდნელად გაათავისუფლეს და მოსკოვში ამერიკის საელჩოში გადაიყვანეს.
ბაიერსი მოსკოვში ჩაფრინდა თავის საცოლესთან, ნაიდა მამბეტოვასთან შესახვედრად. ის რუსეთის მოქალაქეა და ისიც დააკავეს. რა ბედი ეწია მამბეტოვას დაკავების შემდეგ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები 18 თებერვალს არის დაგეგმილი. მთავარი თემა სავარაუდოდ იქნება უკრაინის ომი.
ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მოელის, „მოუსმინოს“ ვაშინგტონს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ მიუწვევიათ შეხვედრაზე და უკრაინა არ აღიარებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მისი მონაწილეობის გარეშე მიიღება.
