კრემლი ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება

რუსეთმა შესაძლოა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, თუ ვაშინგტონი ში მიმდინარე ომის გამო გაყინული, რუსული აქტივების კონფისკაციას მოახდენს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
შეერთებულმა შტატებმა “არ უნდა იმოქმედოს ილუზიით… რომ ორივე ხელით ეჭიდება დიპლომატიურ ურთიერთობებს”, – თქვა რიაბკოვმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ იქნება დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი, მაგრამ ასეთი შედეგი სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს.
მალე ორი წელი შესრულდება, რაც უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას უმკლავდება და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებაა ევროპის კონტინენტზე.
“გამომწვევი შეიძლება იყოს აქტივების კონფისკაცია, შემდგომი სამხედრო ესკალაცია და ბევრი სხვა რამ“- თქვა მან და დასძინა, რომ მოსკოვი “მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის”.
ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ითხოვს, რომ გაყინული რუსული აქტივები, 300 მილიარდი დოლარის ოდენობით, კიევს გადაეცეს და გამოყენებული იყოს, უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული ეკონომიკის აღდგენისთვის.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს გლობალურ ფინანსურ სისტემას.
მისი თქმით, რუსეთი “არასდროს დატოვებს მშვიდად” არცერთ ქვეყანას, რომელიც მას აქტივებს ჩამოართმევს. მისი თქმით, მოსკოვი განიხილავს, თუ რა დასავლური აქტივების ჩამორთმევა შეუძლია საპასუხოდ.
ამ კვირაში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ ორ ევროპულ კომპანიას Wintershall Dea (WINT.UL) და OMV (OMVV.VI), ჩამოერთვას რუსეთის არქტიკულ ნაწილში, გაზის პროექტების მრავალმილიარდიანი აქტივები.