კრემლის აგენტურული მანევრები

რუსულ ჰიბრიდულ მოქმედებებსა და კრემლის მიერ წარმოებულ დესტრუქციულ ღონისძიებებზე ვრცელი კვლევა სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესმა“ მოამზადა. კვლევის მიხედვით, ძირითადი აქცენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეა. თუმცა ჩამონათვალში ხვდება ისეთი ქვეყნებიც, როგორებიცაა, მაგალითად, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ბულგარეთი და რუმინეთი.
სააგენტომ აღნიშნულ კვლევაში დაასახელა შემდეგი ინციდენტები: დრონებით თავდასხმა, პრორუსული დაჯგუფების სხვადასხვა დესტრუქციული ქმედება, ბომბების შესახებ ცრუ შეტყობინება, რუსული მცურავი საშუალებების მიერ ნაოსნობის წესების დარღვევა, ცეცხლის გაჩენის, ასევე სხეულის დაზიანების შემთხვევები და ასე შემდეგ.
ინციდენტები ძირითადად ხდება გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი ასეთი მაჩვენებელია იმ ქვეყნებში, სადაც ძლიერი კონტრსადაზვერვო სამსახურებია, მასშტაბის სიდიდე უფრო თვალსაჩინო იქნება დაუცველ ქვეყნებში, იმისდა მიხედვით, ინციდენტის რა რაოდენობაზე იქნება საუბარი.
„სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების” ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2022-იდან 2025-წლამდე პერიოდში, დიდი ალბათობით, რუსული აგენტურის სამიზნეა ტრანსპორტი, მთავრობები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მრეწველობა. აქ შედის სხვა აქტივობებიც. რომელთა დროსაც გამოყენებულია სხვადასხვა იარაღი
„სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ამერიკული ინსტიტუტის” ანგარიშის მიხედვით, ინციდენტების დროს ძირითადად ფეთქებადი ან ცეცხლგამჩენი საშუალებებია გამოყენებული, ასევე ბლაგვი ან ბასრი საგნები, ცეცხლსასროლი იარაღი. ინციდენტებს შორისაა ელექტრონული შეტევა და უკანონოდ შემოსულ მიგრანტთა ნაკადი.
იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც საეჭვო ჯგუფებმა ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა ობიექტს ან ქაოსური სიტუაცია შექმნეს. მთავარი საკითხი ამ ჯგუფების წარმომავლობაა. საინტერესოა, როგორ ახერხებს კრემლი აგენტების მოზიდვას. ევროპაში ამბობენ, რომ დაბალი რგოლის აგენტების გადაბირების მიზნით მოსკოვი სოციალურ ქსელებსაც იყენებს.
euronewsgeorgia.com