ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძეს, რომლებიც კოროხნალის მაღაროსთან მეხუთე თვეა, აქციებს მართავენ, საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ ადვოკატის, ბრალდებულთა ინტერესების დამცველის, ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, მათ საქმის მასალები გადასცეს და წინასასამართლო პროცესი საჩხერის სასამართლოში 1 აგვისტოს გაიმართება.
გამოძიება შუქრუთის მცხოვრებლებს, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება.
პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. როგორც განცხადებაში წერია, ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს „მაღაროელი“-ს კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება.
სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს გიორგი ნეფარიძე და პროკურატურის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს აბსურდს უწოდებს. ნეფარიძის თქმით, 20 ივლისს კომპანიის წარმომადგენლები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან მივიდნენ და „ცდილობდნენ პროვოკაციული გზით მუშა პროცესის აღდგენას“.
ნეფარიძე ამბობს, რომ სავენტილაციო სისტემას, რომელიც განცხადებაშია ნახსენები, მაღაროს მუშაობის დროს მტვერი და გამონაბოლქვი გარეთ გამოაქვს მაღაროდან და მისი გათიშვა მაღაროს არ აზიანებს.
„90-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე, წლობით იყო გათიშული დენი და შედეგად ეს ვენტილაცია და არ დაზიანებულა მაღაროში რაიმე. ამ ვენტილაციას შიგნით არ შეაქვს ჰაერი. რეალურად გარეთ გამოაქვს დაბინძურებული ჰაერი, რომელიც იფრქვევა ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე. მაღაროს შესასვლელიდან არის სპეციალური, არაერთი პატარა ვენტილატორი, რომელიც მაღაროს მუშაობის შემთხვევაში დასაქმებულებს ჰაერს აწვდის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აბსურდული ბრალი წარგვიდგინეს, კომპანიასთან სინქრონში მოქმედებს ადგილობრივი პოლიცია და პროკურატურა“, – ამბობს ნეფარიძე და ბრალდებას დაშინების მცდელობად აფასებს, რათა აქციის სხვა მონაწილეებმა პროტესტი შეწყვიტონ.
გიორგი ნეფარიძის ინფორმაციით, მაღაროები, პროტესტის გამო, 14 მარტიდან გაჩერებულია და ძალის გამოყენებით მისი აღდგენის მცდელობა კომპანიის წარმომადგენლებს ორჯერ – მარტსა და ივლისში ჰქონდათ.
კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35 ოჯახის წევრები 14 მარტიდან უწყვეტად მართავენ აქციებს და მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს.
2021 წელს შუქრუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა – დაინგრა სახლები, დაზიანდა და ზოგიერთ ადგილას ჩაიქცა ეზოები და ნაკვეთები. პროტესტის მონაწილეებმა მაშინ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, რამდენიმემ პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო, იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი.
სამი წლის წინ, შუქრუთსა და თბილისში გამართული ხანგრძლივი აქციების შემდეგ, კომპანიამ პირობა დადო და ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ ზიანს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინებდა, მაგრამ დასკვნა დღემდე არ არსებობს. „მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს არის, ამ დრომდე არ მიგვიღია შესაბამისი ანაზღაურება“, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.




