კობახიძის მთავრობა მეტ გამჭვირვალობას აანონსებს

„გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მ განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოითხოვს ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან.
„ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი“, — თქვა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობა 2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვეყნებს საკუთარ განკარგულებებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. განკარგულებების დიდი ნაწილი კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, კორუფციული რისკის შემცველია. ამასთან, გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალე რეჟიმში მიღებით მთავრობა არა მხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით ირღვევა რამდენიმე სამართლებრივი აქტი, მათ შორის:
· ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
· მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
· მთავრობის დადგენილება ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები საჯარო იქნება.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა და ეს ასეც იქნება, ანუ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილებების, განკარგულებებისა და დადგენილებების შესახებ და თქვენ ამ ინფორმაციას მიიღებთ“, — უთხრა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრ ს თქმით, განკარგულებები „ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი“, თუმცა მთავრობა და მისი ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ გამოქვეყნების პროცედურა და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე „იყოს განუხრელად დაცული“. მთავარი კი, წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილებების დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობით მიღება იქნება.
თეა წულუკიანს ჰკითხეს, ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ თუ აპირებს, თავისი მიდგომა შეცვალოს — კულტურის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება მედიისთვის. არასასურველი მედიის წარმომადგენლებს არ იწვევენ კულტურის სამინისტროს ანონსებზე.
„ვნახოთ, თუ თქვენ როგორც აქ [მთავრობის ადმინისტრაციაში] ახერხებთ ნორმალურად ქცევას, ასეთი მიდგომა გექნებათ სამინისტროშიც, რა თქმა უნდა. ყველა პროფესიის წარმომადგენლის ქცევას აქვს დადგენილი სტანდარტი. სამინისტროში მრავლად იყო შემთხვევები, როცა ეს სტანდარტი ირღვეოდა. თუ თქვენ მართლა გაინტერესებთ, რას აკეთებს სამინისტრო, მხოლოდ გაგვიხარდება თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ ამის შთაბეჭდილება მე პირადად არ მექმნებოდა“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერს არ აქვს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული წინა განკარგულებების გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება შეეხებოდა ამიერიდან მიღებული განკარგულებების გამოქვეყნებას.