კობახიძე: საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის წინაშე განცხადებებით გამოვიდნენ.
კობახიძემ სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების, აგრეთვე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან დაამატა, რომ აფასებს ნატოს გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოხარულია, რომ გენერალურ მდივანთან კიდევ ერთხელ განიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
„საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია… წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. „აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, – ვკითხულობთ ცნობაში.
კობახიძის შემდეგ სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ბაქოდან ჩამოვიდა და თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …