კობახიძე: კანონპროექტი ინიცირებული არაა და ვიღაცები მედიის შეზღუდვაზე ლაპარაკობენ – თუ პრობლემა არსებობს, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან?

კანონპროექტი ინიცირებული არ არის და ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში მედიის თავისუფლება შელახული ყოფილა, ეს სასაცილოა – თუ პრობლემა არსებობს, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან?- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მ „მედიის შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მედიასთან დაკავშირებით ცვლილებები არა საჭირო, არამედ, აუცილებელია.

„პრობლემას ყველა აღიარებს და ამ პრობლემების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნებშიც არის საუბარი, პრობლემა არის ის, რომ მედია საქართველოში ჩამოყალიბებულია, როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივებისა და სიცრუის ტირაჟირების მთავარი წყარო. ეს პრობლემა ხომ სახეზეა? ეს ყველაფერი დამახასიათებელია ქართული მედია ლანდშაფტისთვის. თუ პრობლემა არსებობს, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან? თუ არსებობს დიაგნოზი და არსებობს კონკრეტული სენი, რომელიც ქვეყანას სჭირს რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამისგან? ვინც ამას უპირისპირდება გამოდის, რომ აქვს კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანამ არ დაისვენოს და იცხოვროს პოლარიზაციის, სიძულვილისა და სიცრუის რეჟიმში, რა თქმა უნდა ეს საზოგადოების ინტერესებში არ შედის, არამედ პირიქით, ქართული საზოგადოების ინტერესებში შედის ამ ყველაფრის დარეგულირება და მოწესრიგება. სწორედ ამას მიეძღვნება ის კანონპროექტი, რომელიც აუცილებლად დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.