კობახიძე: ივნისიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონკრეტულ სამუშაოებს ვგეგმავთ

პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ივნისიდან “კონკრეტული სამუშაოების” განხორციელებას გეგმავენ.

პრემიერის განმარტებით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს.

“ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროცედურები დაიწყება მარტში. მარტი, აპრილი და მაისი დასჭირდება ტენდერის დასრულებას. მაისის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება ტენდერის პროცედურა და ივნისიდან უკვე იქნება შესაძლებელი სამუშაოების დაწყება. ეს არის მკაფიო გეგმა, რომელიც აქვს მთავრობას და ამ გეგმას რა თქმა უნდა, გავყვებით”, – განაცხადა კობახიძემ.
***
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ ს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.