უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალის მომზადება“, – განაცხადა ბუდანოვმა.
კითხვაზე, თუ როდის მიიღებს უკრაინა დასავლურ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბუდანოვმა განაცხადა, რომ სწრაფად.
„უკვე სწრაფად, ეს ბოლო ეტაპია. თქვენ იცით, რომ ჩვენი პილოტები გადიან სწავლებას. იმედი მაქვს, რომ ისინი ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან”, – აღნიშნა ბუდანოვმა.