სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია.
შევეცადე მოკლედ დამეწერა.
ობსერვატორია არის ადგილი სადაც დგას ტელესკოპი და ამ ტელესკოპით აკვირდებიან ცას – პლანეტებს, ვარსკვლავებს, ნისლეულებს თუ გალაქტიკებს. უწინ საქართველოში ცაზე დაკვირვებას „ვარსკვლავთმრიცხველობას“ ეძახდნენ, ობსერვატორია კი თანამედროვე, ტექნოლოგიური ვერსიაა იმისა, რასაც ჩვენი წინაპრები ათასწლეულების წინ აკეთებდნენ.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მართლაც უნიკალურია. დაარსდა 1932 წელს, დიდი ქართველი მეცნიერის, ევგენი ხარაძის მიერ და იყო პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია ყოფილ საბჭოთა კავშირში. მდებარეობს მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან დაახლოებით 1650-1700 მეტრზე).
ობსერვატორიას აქვს 70-სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი (რომელიც 1956 წელს დაიდგა და თავის დროზე მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში)
1.25-მეტრიანი რეფლექტორი (1977 წელს შევიდა ექსპლუატაციაში) და 40-სანტიმეტრიანი რეფრაქტორი, რომლითაც ძირითადად დამთვალიერებლებისთვის ხდება ციური სხეულების ჩვენება. აბასთუმნის ობსერვატორიაში აღმოჩენილია არაერთი კომეტა (მაგ. კილაძის კომეტა), მცირე პლანეტა და ვარსკვლავთა გროვა. ევგენი ხარაძის სახელი კი მთვარის ერთ-ერთ კრატერსაც უწოდეს.
მოკლედ, ვთანხმდებით, რომ აბასთუმნის ობსერვატორია ჩვენი ისტორიული საგანძური და სიამაყეა.
თუმცა, გადავხედოთ მსოფლიოში დღეს არსებულ ობსერვატორიებს.
როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიას, დროთა განმავლობაში ასტროფიზიკასაც შეეცვალა მასშტაბები. დღეს მსოფლიოში არსებობს გიგანტური სამეცნიერო ცენტრები, სადაც კაცობრიობის უმთავრესი აღმოჩენები კეთდება
ჩილე, ატაკამას უდაბნო (ESO) აქ დგას ოთხი 8.2-მეტრიანი ტელესკოპი. იქვეა 66 გიგანტური ანტენისგან შემდგარი ქსელი 5000 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც სამყაროს ყველაზე შორეულ ობიექტებს აკვირდება. ეს ტექნიკა ხედავს იმ დეტალებს, რაც ჩვენი 1.25 მეტრიანი და 70-სანტიმეტრიანი ტელესკოპისთვის ფიზიკურად მიუწვდომელია.
ჰავაი, აშშ ჩამქრალი ვულკანის მწვერვალზე, 4205 მეტრზე მდებარეობს. აქ დგას ორი იდენტური 10-მეტრიანი ტელესკოპი, რომლებმაც ეგზოპლანეტების (სხვა მზის სისტემების) აღმოჩენაში უდიდესი როლი ითამაშეს.
კანარის კუნძულები, ესპანეთი, ლა-პალმა ევროპის ასტრონომიული ცენტრი. აქ დგას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ოპტიკური ტელესკოპი (GTC), რომლის სარკის დიამეტრი 10.4 მეტრია. შედარებისთვის, ეს სარკე დიამეტრით დაახლოებით 10-ჯერ, ხოლო სინათლის შემკრები ფართობით ასეულობით ჯერ უფრო დიდია აბასთუმნის მთავარ ტელესკოპზე.
რისი თქმა მინდა ამით?
აბასთუმნის ობსერვატორიას არავინ აკნინებს, ის არის ჩვენი წარსულის ბრწყინვალე საგანძური. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ 1950-იანი წლების შემდეგ (და განსაკუთრებით „ოცნების“ პირობებში), იქ მასშტაბური ტექნოლოგიური განახლება არ მომხდარა. სამწუხაროდ, არც ადგილის სიმაღლე (1650 მეტრი 5000 მეტრის წინააღმდეგ) და აღარც არსებული ტექნოლოგიები აღარ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ გლობალურ კონკურენციაში შევიდეთ და სამყაროს მასშტაბის ახალი აღმოჩენები გავაკეთოთ.
და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ჩაიკეტა ცა მაინცდამაინც აბასთუმანში ასეთი უპრეცედენტო მასშტაბით?
ზემოთ ნახსენებ მილიარდიან, გიგანტურ ცენტრებში ჩილეში, აშშ-სა და ესპანეთში სადაც რეალური, უწყვეტი სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს, საჰაერო სივრცე სრულად და ასეთი რადიუსით არ არის ჩაკეტილი (იქ ძირითადად სინათლის დაბინძურებას ზღუდავენ და ფრენებს მხოლოდ ნაწილობრივ).
ჩვენთან კი, აბასთუმნის თავზე, გამოცხადდა არასაფრენი ზონა.
რომ შეიგრძნოთ, რამხელა ტერიტორია ჩაკეტა ბიძინა ივანიშვილმა „ობსერვატორიის დაცვის“ მოტივით ამ აკრძალვის ცენტრი თბილისის შუაგული რომ ყოფილიყო, ზონა სრულად დაფარავდა თბილისს, რუსთავს, მცხეთას და მისწვდებოდა კასპის, მარნეულისა და გარდაბნის დასახლებებსაც!
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ეს ცა ვარსკვლავების დასაცავად არ ჩაკეტილა. ეს ცა ჩაიკეტა იმიტომ, რომ ობსერვატორიის გვერდით დგას ერთი კონკრეტული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი რეზიდენცია.




