კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ისტორიული ენოთეკის შესაძლო გასხვისება არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც რიგითი ეკონომიკური ოპერაცია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი:
საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ისტორიული ენოთეკის შესაძლო გასხვისება არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც რიგითი ეკონომიკური ოპერაცია.
საუბარია კოლექციაზე, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ისტორიულ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელებს, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტის, რუსეთის იმპერატორების, იოსებ სტალინისა და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებულ ნიმუშებს. ასეთი კოლექცია წარმოადგენს არა მხოლოდ მატერიალურ ფასეულობას, არამედ ისტორიულ, კულტურულ და მეხსიერებით რესურსს საქართველოსთვის, როგორც მეღვინეობის უძველესი ქვეყნისთვის.
ამ პირობებში კოლექციის საერთაშორისო აუქციონებზე გაყიდვის იდეა, თითქოს ეს ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია. ისტორიული ენოთეკა გაცილებით დიდ გრძელვადიან ღირებულებას ქმნის, როდესაც ის რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, გამოიყენება კვლევისთვის, გამოფენებისთვის, ღვინის დიპლომატიისთვის, განათლებისთვის, მუზეუმისთვის და საქართველოს ღვინის ისტორიის საერთაშორისო პრეზენტაციისთვის.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია პროცესის გაუმჭვირვალობა. საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია:
რა არის კოლექციის სრული შემადგენლობა;
ჩატარდა თუ არა სრული ინვენტარიზაცია;
ვინ იმუშავა კოლექციის დოკუმენტირებაზე საქართველოს მხრიდან;
რა ისტორიული საინვენტარო დოკუმენტები არსებობდა და შეჯერდა თუ არა ისინი ახალ აღწერასთან;
გამოვლინდა თუ არა დანაკლისი;
რა სამართლებრივი, კულტურული და ეკონომიკური დასაბუთება უდევს საფუძვლად შესაძლო გაყიდვას;
გარდა ზემოთხსენებული ისტორიული პირებისა, რომელი ქართული არისტოკრატული ოჯახების და ისტორიული პიროვნებების ღვინოებია ამ კოლექციაში წარმოდგენილი;
რატომ ვრცელდება სხვადასხვა ციფრები ბოთლების რაოდენობასთან დაკავშირებით? და რატომ არის კოლექციის ამსახეველი ციფრი დაახლოებითი და არა ზუსტი?
ასევე გაუგებარია, რატომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებაში წამყვან როლს ეკონომიკური უწყება, მაშინ როდესაც საკითხი აშკარად ეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ მეხსიერებას და ეროვნული მნიშვნელობის კოლექციას? კულტურის სამინისტრომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და ღვინის ეროვნული სააგენტომ უნდა წარმოადგინონ წერილობითი, საჯარო და პროფესიული დასკვნები კოლექციის სტატუსის, მნიშვნელობისა და შესაძლო გასხვისების შედეგების შესახებ.
საქართველოს, როგორც ღვინის ისტორიული ქვეყნის ინტერესებშია არა ასეთი კოლექციის ერთჯერადი გაყიდვა, არამედ ეროვნული ისტორიული ენოთეკისა და ღვინის მუზეუმის შექმნა. ასეთი კოლექცია მომავალში შეიძლება გახდეს ქართული ღვინის კულტურული დიპლომატიის, საერთაშორისო კვლევის, ტურიზმისა და ბრენდინგის უნიკალური საყრდენი.
მე ვისურვებდი, რომ დღეს განხილვის საგანი ყოფილიყო არა ეროვნული ენოთეკის შესაძლო გაყიდვა, არამედ მისი ფორმირება, განვითარება და მომავალი. დისკუსია უნდა შეეხებოდეს იმას, თუ როგორ უნდა შეივსოს და გამდიდრდეს ეროვნული ენოთეკა ყოველწლიურად თანამედროვე ქართული ღვინოების საუკეთესო ნიმუშებით და რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ, რათა მასში სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი ქართული მეღვინეობის ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. ეროვნული ენოთეკა სისტემურად უნდა აგროვებდეს და მომავალი თაობებისთვის იცავდეს ქართული ღვინის განვითარების ქრონიკას, თითოეული ეპოქის, რეგიონისა და გამორჩეული მწარმოებლის პროდუქციით.
ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეუქცევად ზიანს აყენებს ქართველი ერის კულტურულ, ისტორიულ და გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა კანონიერი და დემოკრატიული საშუალებით ვეცადოთ ამ პროცესის შეჩერებას, ვიდრე საზოგადოებას არ ექნება ამომწურავი ინფორმაცია კოლექციის შემადგენლობის, მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობისა და შესაძლო გასხვისების შედეგების შესახებ.
უპირველესად აუცილებელია, რომ საზოგადოებამ, პროფესიულმა წრეებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ წერილობით მიმართონ საერთაშორისო სააუქციონო სახლებს, ღვინის ექსპერტთა გაერთიანებებს, აუთენტიფიკაციისა და შეფასების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, აგრეთვე საკოლექციო ღვინის ბაზრის მონაწილეებს და აცნობონ მათ, რომ აღნიშნული პროცესი არ ემსახურება ქართველი ერის გრძელვადიან კულტურულ და ეროვნულ ინტერესებს. ამასთან, გადაწყვეტილება მიიღება სრული ინვენტარიზაციის, სამართლებრივი სიცხადის, დამოუკიდებელი კულტურული შეფასებისა და ფართო საჯარო დებატების გარეშე.
ამ პირობებში პროცესში ჩართულობა საერთაშორისო პროფესიული წრეების მხრიდან სერიოზულ ეთიკურ კითხვებს აჩენს. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ მათ თავი შეიკავონ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისგან მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი კოლექციის სრული დოკუმენტირება, მისი კულტურული მნიშვნელობის სათანადო შეფასება, პროცესის გამჭვირვალობა და საკითხის ფართო საზოგადოებრივი განხილვა.