ეს არის ორმაგი სტანდარტი – შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ქვეყნები, სადაც პარტიების აკრძალვა მოხდა და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ, თუნდაც ეს მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში, ფინეთში, გერმანიაში და ა.შ. რაც მათთვის მისაღები არ არის, გმობენ და ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ PACE-ს მომხსენებლების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლებმაც საქართველოში პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გააკრიტიკეს.
მისივე თქმით, მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით დაფუძნებულია სიცრუეზე, რადგან საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით.
„იგივე მოხდა ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს ადამიანები საქართველოს ხვალინდელ დღეს ებრძვიან. მათ უნდოდათ და ვერ მოახერხეს ამ ქვეყნის გამოყენება თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენი პოლიტიკით, პრაგმატული ნაბიჯებით, არ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოეყენებინათ და ქართველი ხალხის ინტერესები ფეხქვეშ გაეთელათ. მათი ყველა განცხადება საქართველოსთან მიმართებით, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე. ხედავთ, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა წინ გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, განვითარებით. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე იწყება თავდასხმები ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა და ა.შ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ ებრძვის ჩვენს ქვეყანას, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.




